საკონსტიტუციო სასამართლო ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელის განხილვას დღეს განაახლებს
საკონსტიტუციო სასამართლოში დღეს, 16 ნოემბერს, „ქართული ოცნების“ მიერ წარდგენილი სარჩელის განხილვა განახლდება, რომელიც ხუთი ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობასა და აკრძალვას ითვალისწინებს. სასამართლო სხდომა 14:00 საათზეა დანიშნული.
საქმის განხილვა 21 ოქტომბერს დაიწყო. სარჩელს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი შვიდი მოსამართლის შემადგენლობით განიხილავს.
სარჩელს ხელს აწერს საქართველოს პარლამენტის 88 დეპუტატი. ისინი შემდეგი პოლიტიკური გაერთიანებების არაკონსტიტუციურად ცნობას მოითხოვენ: „ერთიანობა − ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებისთვის − გვარამია, მელია, გირჩი, დროა“, „ძლიერი საქართველო − ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“, „ფედერალისტური პარტია“ და „გახარია საქართველოსთვის“.
საკონსტიტუციო სარჩელს თან ერთვის XI მოწვევის პარლამენტში შექმნილი დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნა.