ევროპარლამენტარი ბრანდშტეტერი: ვამბობთ, რომ პაატა ბურჭულაძეს არაფერი ცუდი არ გაუკეთებია - მის გათავისუფლებას ვითხოვთ

24.11.26 17:22
ევროპარლამენტარი ბრანდშტეტერი: ვამბობთ, რომ პაატა ბურჭულაძეს არაფერი ცუდი არ გაუკეთებია - მის გათავისუფლებას ვითხოვთ

ავსტრიელი ევროპარლამენტარი, ჰელმუტ ბრანდშტეტერი პაატა ბურჭულაძის და დანარჩენი პატიმრების გათავისუფლებას ითხოვს.

ბრანდშტეტერი, რომელიც პოლიტიკურ პატიმრებზე რეზოლუციის ერთ-ერთი ავტორია, "ევროსკოპს" ეუბნება რომ, ის როგორც ქართული ოცნება უძღვება ქვეყანას, არ არის დემოკრატიული გზა. 

პარლამენტარის თქმით, დეპუტატები დარდობენ ქართველ ხალხზე, მათთვისაც სურთ დემოკრატია და თავისუფლება ისევე, როგორიც ეს ევროპის ქვეყნებშია.

ჩვენ ვიცით, როგორ მართავს ქვეყანას ე.წ. "ქართული ოცნება". ეს ავტოკრატიული გზაა, ეს არ არის დემოკრატიული გზა. ჩვენ ვზრუნავთ საქართველოს ხალხზე და ძალიან კარგი კონტაქტი გვაქვს საქართველოს ოპოზიციასთან. ერთადერთი, რაც მათ უნდათ, არის თავისუფლება, ისეთი, როგორიც ჩვენ გვაქვს. დემოკრატია ისეთი, როგორიც ჩვენ გვაქვს. 

პაატა ბურჭულაძის საქმე არის ის, რაზეც ჩვენ, ავსტრიელები ბევრს ვსაუბრობთ, რადგან ის ასევე ავსტრიის მოქალაქეა და ძალიან ცნობილი მომღერალია, ამიტომ ვთქვით, რომ მას არაფერი დაუშავებია. მას თავისუფლება უნდა, რადგან იცის, როგორ ცხოვრობდა ავსტრიაში და იგივე უნდა ქართველი ხალხისთვის, რაც ჩემთვის ძალიან გასაგებია. მართლა გვინდა, რომ ციხიდან გამოვიდეს. იმედი გვაქვს, რომ საქართველოში ხელისუფლება გაიგებს, რომ ის უკვე აღარ არის ახალგაზრდა და სასაცილოა მისი ციხეში ჩასმა მხოლოდ იმიტომ, რომ თავისუფლების მომხრეა. ჩვენ ვითხოვთ, რომ გაათავისუფლონ ის და სხვა პოლიტიკური პატიმრები, მაგრამ ამ შემთხვევაში, საქმე ეხება ადამიანს, რომელიც, როგორც ვთქვი, ასევე ავსტრიის მოქალაქეა.

"ქართულ ოცნებას" ვეტყოდი: თქვენ გჭირდებათ ურთიერთობა ევროპასთან, ჩვენ გვჭირდებით. ჩვენ გვინდა, ვითანამშრომლოთ დემოკრატიულ საქართველოსთან, ამიტომ მათ უნდა გაიგონ, რომ ეს მათი ხალხისთვისაა კარგი. თუ "ქართული ოცნება" მართლა ზრუნავს თავის ხალხზე, უნდა გააკეთონ ის, რასაც ვთხოვთ, განსაკუთრებით ამ შემთხვევაში, რადგან ეს ქართველი ხალხისთვისაც კარგია, - ამბობს ევროპარლამენტარი.

 

 

ხვალ, 25 ნოემბერს, ევროპარლამენტში გაიმართება დებატები თემაზე „პაატა ბურჭულაძისა და პოლიტიკური პატიმრების საქმე „ქართული ოცნების“ რეჟიმის პირობებში“.

ევროპარლამენტი ბურჭულაძის საქმეზე ადამიანის უფლებების დარღვევის, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის საქმეებზე დებატების ფარგლებში იმსჯელებს.

26 ნოემბერს კი შესაბამის რეზოლუციას უყრის კენჭს.

მსგავსი სიახლეები