„ფედერალისტების“ წევრს გიორგი სიხარულიძეს ნახევარმილიონიანი ჯარიმა დააკისრეს და ქონება დაუყადაღეს

25.11.26 16:50
„ფედერალისტების“ წევრს გიორგი სიხარულიძეს ნახევარმილიონიანი ჯარიმა დააკისრეს და ქონება დაუყადაღეს

პარტია „ფედერალისტები“ მისი წევრის, ბიზნესმენ გიორგი სიხარულიძის წინააღმდეგ განხორციელებული საგადასახადო ღონისძიებების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს და შემოსავლების სამსახურის მიერ მისი კომპანიების შემოწმებას პოლიტიკურ საქმიანობას უკავშირებს.

სიხარულიძის განცხადებით, შემოსავლების სამსახური მისი სამივე კომპანიის საქმიანობით 2024 წლის ივლისში დაინტერესდა - ოპოზიციური პარტიის შიდაპარტიულ არჩევნებში მისი მონაწილეობიდან და კომპანიის ტერიტორიაზე საარჩევნო უბნის მოწყობიდან ათ დღეში. ბიზნესმენის თქმით, მანამდე, 11 წლის განმავლობაში, მის კომპანიებში საგადასახადო შემოწმება არ ჩატარებულა.

პარტიის ინფორმაციით, წელიწადნახევრის განმავლობაში შვიდი შემოწმების ჩატარების შემდეგ შემოსავლების სამსახურმა სიხარულიძის ერთ-ერთ უმოქმედო კომპანიას ინვენტარიზაციის ჩატარება დაავალა. ბიზნესმენი აცხადებს, რომ აღნიშნული მოთხოვნის შესრულება პრაქტიკულად შეუძლებელი იყო, რის გამოც კომპანიას 500 ათასი ლარის ოდენობის ჯარიმა დაეკისრა.

ამის შემდეგ შემოსავლების სამსახურმა სასამართლოს მიმართა და გიორგი სიხარულიძის დაჯარიმებული კომპანიის ცრუმაგიერ პირად აღიარება მოითხოვა. ბიზნესმენის შეფასებით, უწყების მიზანი მისთვის პირადად ფინანსური ზიანის მიყენება იყო.

2026 წლის 30 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლომ შემოსავლების სამსახურის მოთხოვნა დააკმაყოფილა. პარტიის ცნობით, გადაწყვეტილების შედეგად სიხარულიძის პირადი ქონება, საბანკო ანგარიშები და კომპანიებში მისი კუთვნილი წილები დაყადაღდა.

„როგორც არ უნდა სცადოს ივანიშვილის რეჟიმმა, რა უკანონო ზომებსაც არ უნდა მიმართონ ივანიშვილის მორჩილმა ინსტიტუტებმა, არ გავჩერდები, სანამ ამ ქვეყანაში დამოუკიდებელ მართლმსაჯულებას არ მივაღწევთ, რათა ერთხელ და სამუდამოდ თავი დავაღწიოთ უსამართლობის წყევლას, რომელიც ჩვენს ქვეყანას გასაქანს არ აძლევს.
ამისთვის არსებითია, რომ 28 ნოემბერს, 19:00 საათზე ბევრნი შევიკრიბოთ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან“, – აცხადებს ის.

მსგავსი სიახლეები