[ნადარაია] მანტიიდან ამოხტება, ოღონდ ივანიშვილი არ ახსენო - გვარამიამ მისი გაძევების მოტივზე ისაუბრა

26.11.26 22:41
[ნადარაია] მანტიიდან ამოხტება, ოღონდ ივანიშვილი არ ახსენო - გვარამიამ მისი გაძევების მოტივზე ისაუბრა

“კოალიცია ცვლილებების“ ლიდერის, ნიკა გვარამიას განცხადებით, საკონსტიტუციო სასამართლოს  თავმჯდომარეს რევაზ ნადარაიას წინასწარ ჰქონდა მიღებული დავალება, რომ პროცესიდან გაეძევებინა.

როგორც მან "რეაქციას" განუცხადა, ეს ტენდენცია სხდომის დაწყებიდანვე იგრძნობოდა, თუმცა განსაკუთრებით მკაფიოდ კითხვა-პასუხის ეტაპზე გამოჩნდა.

გვარამიას თქმით, მისი გაძევების მიზეზი სხვა მოსამართლეებისთვისაც გაუგებარი დარჩა. მისივე განცხადებით, სხდომაზე მყოფმა მოსამართლეებმა სცადეს მისი შეჩერება - როგორც ეკრანზე გამოჩენილი წერილებით, ისე ჩურჩულითა და მუჯლუგუნის მირტყმით, თუმცა, გვარამიას შეფასებით, მთავარი მიზანი მაინც მისი გაძევება იყო.

გვარამიას განმარტებით, მხარეებმა წინა სხდომაზევე გააფრთხილეს სასამართლო ვიდეომასალის გამოქვეყნების შესახებ, რომელიც ბიძინა ივანიშვილის, ირაკლი კობახიძისა და შალვა პაპუაშვილის ინტერვიუების ფრაგმენტებს მოიცავდა. მისი თქმით, მოსამართლის მწვავე რეაქცია სწორედ ივანიშვილის, მისი გარემოცვისა და „სასამართლო კლანის“ ხსენებას უკავშირდებოდა.

ნადარაიას ძალიან მკაფიოდ ჰქონდა ამოცანა, რომ მე გავეგდე. ერთხელ გამაგდო, ოღონდ ვერც ახლა ვერ გაიგო რატომ გამაგდო ვერავინ - იქ მჯდომმა მოსამართლეებმაც. ხან წერილები მისწერეს, იქვე ჩანს ეკრანზე, ხან უჩურჩულეს, ხან მუჯლუგუნი მიარტყეს, რომ გაჩერდიო, მაგრამ ნადარაიას ჰქონდა დავალება, რომ გვარამია გაეგდო. ეს თან პროცესის დაწყებიდანვე ჰქონდა, მაგრამ კითხვა-პასუხზე განსაკუთრებით გამოჩნდა.

მე რომ მოვდიოდი, ცოტა გვიან წამოვედი იმიტომ, რომ ბევრი საქმე მქონდა თბილისში და ვუსმენდი „ნაციონალური მოძრაობის“ კითხვა-პასუხს გზაში და უკვე ჩანდა, კაცი ისეთ რაღაცებს აკეთებდა, განსაკუთრებული აგრესია რომ ჰქონდა, იმ დღეს უკვე გასაგები იყო.

წინა სხდომაზე გავაფრთხილეთ, რომ გვექნებოდა ვიდეომასალა გამოსაქვეყნებელი. ეს ვიდეომასალა იყო ივანიშვილის, კობახიძისა და პაპუაშვილის ინტერვიუებიდან და ამ კაცს ზარავს - ივანიშვილის სიტყვის გაგონებაზე ცუდად ხდება, უნდა შეწყვიტოს ყველაფერი, გადმოხტება კანიდან, მანტიიდან ამოხტება და ყველაფერს შეწყვეტს, ოღონდ ივანიშვილი არ ახსენო და მასთან ერთად კიდევ რაღაც „პუჭურა სატელიტები“, კობახიძის და იმის სახით და არ უნდა ახსენო სასამართლო კლანი.“- აცხადებს გვარამია. 

პოლიტიკოსის თქმით, ის ორშაბათს საკონსტიტუციო სასამართლოში ვერ დაბრუნდება, რადგან გაძევებულია, თუმცა სხდომას "კოალიცია ცვლილებების" წევრები აუცილებლად დაესწრებიან.  

გვარამია საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომიდან, რომელზეც პარტიების აკრძალვის საკითხს განიხილავენ, წინა კვირას გააძევეს.

მანამდე საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე სხდომაზე კოალიცია „ახალის“ რამდენიმე კითხვა მოხსნეს იმ მოტივით, თითქოს კითხვები მეორდებოდა, რაც გვარამიასა და პლენუმის თავმჯდომარე რევაზ ნადარაიას შორის კამათში გადაიზარდა. 

ნადარაიამ გვარამიას დამშვიდებისკენ მოუწოდა. თავის მხრივ პოლიტიკოსმა მოსამართლეს უთხრა, რომ პროცესიდან გასულია და სიტყვების შერჩევისკენ მოუწოდა. საბოლოოდ, მოსამართლე რევაზ ნადარაიამ გვარამიას უთხრა, რომ მისი ადგილი არაა სასამართლო სხდომის დარბაზში, რაზეც გვარამიამ უპასუხა, რომ მისი ადგილი დარბაზში კი არა, სასამართლო სისტემაში არაა.

„გაიყვანეთ ეს უზრდელი კაცი აქედან“, - მოუწოდა სხდომის თავმჯდომარემ მანდატურებს. გვარამიამ ნადარაიას უთხრა, რომ პასუხისგება მოუწევს.

მანამდე გვარამიამ მოსამართლეს 2009 წლის ოქტომბერში ამნისტირებული პირის გასამართლების სკანდალი შეახსენა. 

  • „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ მაშინ წერდა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ამნისტიის მიხედვით, ჩადენილი დანაშაულისთვის ბრალდებული პასუხისმგებლობისგან უნდა გათავისუფლებულიყო, მოსამართლე ნადარაიამ მაინც გაასამართლა. მოგვიანებით საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლომ შეცვალა და ამნისტირებული გაათავისუფლა.