ნიკა გვარამია მინსკში გამართულ შეხვედრაზე: ომთან შეხებაა რუსეთის მხარეს

26.11.26 22:59
ნიკა გვარამია მინსკში გამართულ შეხვედრაზე:  ომთან შეხებაა რუსეთის მხარეს

„კოალიცია ცვლილებების“ ლიდერი, ნიკა გვარამია მინსკში გამართულ შეხვედრას "ტვ პირველის" ეთერში ეხმაურება, სადაც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიხაილ გალუზინი ირაკლი კობახიძის სპეცწარმომადგენელს, გიორგი ზურაბაშვილს შეხვდა.

გვარამიას შეფასებით, ქართული მხარის წარმომადგენლის ვიზიტი ბელარუსში და რუსეთის ოფიციალურ პირთან მოლაპარაკებების წარმოება ეწინააღმდეგება ხელისუფლების მიერ დეკლარირებულ სამშვიდობო რიტორიკას.

როგორც პოლიტიკოსი აცხადებს, ბელარუსის ტერიტორიაზე ჩასვლა და რუსულ მხარესთან შეხვედრა საერთაშორისო სამართლისა და გეოპოლიტიკის თვალსაზრისით „ომთან შემხებლობას“ ნიშნავს რუსეთის სასარგებლოდ. 

ნიკა გვარამია მოითხოვს, რომ საზოგადოებას ეცნობოს, რა საკითხები განიხილებოდა მინსკში გამართულ შეხვედრაზე. მისი განმარტებით, ბელარუსში ოკუპაციის თემაზე მოლაპარაკებები არ იმართება, ხოლო თუ ხელისუფლებას რუსეთთან ოკუპაციის საკითხზე დიალოგი სურს, ამისთვის გაეროს საერთაშორისო სასამართლოს 2011 წლის გადაწყვეტილებით განსაზღვრული სამართლებრივი ჩარჩო და კონვენციური ვალდებულებები არსებობს.

ბელარუსის ტერიტორიაზე ფეხის დადგმა ქართული მაღალჩინოსნის მხრიდან, თან რუსეთთან შესახვედრად, ეს არის პირდაპირ განცხადება იმისა, რომ იგი არის ანტიუკრაინული სამხედრო [ხაზგასმით ვამბობ] ალიანსის ტერიტორიაზე. და ამას ჰქვია, რომ მშვიდობა უნდა „ქართულ ოცნებას“?!

პირდაპირ ომის ტერიტორიაზე გადავიდა [გიორგი ზურაბაშვილი] და აწარმოა მოლაპარაკებები მთავარ საბრძოლო მხარესთან. ეგ რანაირად არის „მშვიდობა მინდა“?! არ არის ეს „მშვიდობა მინდა“, ეს არის გვერდიდან შემხებლობით, მაგრამ ომთან შეხება რუსეთის მხარეს. ასე ჰქვია პოლიტიკაშიც, გეოპოლიტიკაშიც და საერთაშორისო სამართალშიც. ეს ქნა ვიღაც ზურაბაშვილმა, რომელიც საერთოდ გაუგებარია, ვინ არის და რატომ შეხვდა, ოღონდ არავის უთქვამს, რომ ის ღვინოზე ჩავიდა იქ?!

ბელარუსში ოკუპაციაზე არავინ ლაპარაკობს. მაშინ გვითხრან, რას ლაპარაკობდნენ, იმიტომ, რომ ოკუპაციაზე ლაპარაკი და მოლაპარაკება თუ უნდათ, ეს დაგვავალა 2011 წელს ჯერ კიდევ გაეროს სასამართლომ, რომელთანაც კი არ წავაგეთ რუსეთთან მაშინ, ტექნიკური უარი გვითხრა და გვითხრეს: დაელაპარაკეთ რუსეთს და მერე მობრუნდით სასამართლოში, ანუ კონვენციური ვალდებულება ლაპარაკის ამოწურეთ და მოდით.“- თქვა მან.