„ადამიანი მაგდა ანიკაშვილთან ვერ ლაპარაკობდა და გალუზინს უსვამ სასაუბროდ" - სიჭინავა მინსკში გამართულ შეხვედრას „კატასტროფას“ უწოდებს

26.11.26 23:40
„ადამიანი მაგდა ანიკაშვილთან ვერ ლაპარაკობდა და გალუზინს უსვამ სასაუბროდ" - სიჭინავა მინსკში გამართულ შეხვედრას „კატასტროფას“ უწოდებს

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერი, ბერდია სიჭინავა 19 ნოემბერს მინსკში გამართულ შეხვედრას "რეაქციაში" აფასებს.

  • წინა კვირას რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიხაილ გალუზინი საქართველსო საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, ირაკლი კობახიძის სპეცწარმომადგენელს გიორგი ზურაბაშვილს შეხვდა.

სიჭინავა მომხდარს „კატასტროფას“ უწოდებს და აცხადებს, რომ ბელარუსის დედაქალაქში გამართული კონსულტაციებიდან ხელშესახები შედეგების მოლოდინი უსაფუძვლოა.

როგორც პოლიტიკოსი აღნიშნავს, მინსკი ნეიტრალურ სივრცედ ვერ მიიჩნევა იმ ქვეყნის დედაქალაქის სტატუსის გამო, რომლის პრეზიდენტიც რამდენიმე წლის წინ სოხუმში იმყოფებოდა და რითაც ოკუპაციის შესახებ საქართველოს კანონი დაირღვა.

ბერდია სიჭინავა ეჭვქვეშ აყენებს ზურაბაშვილის კომპეტენციასა და დიპლომატიურ გამოცდილებას. მისი თქმით, ადამიანს, რომელსაც „იმედის“ ეთერში მაგდა ანიკაშვილთან გასაუბრებაც გაუჭირდა, მიხაილ გალუზინთან მოლაპარაკების წარმოების რესურსი არ აქვს.

„კატასტროფაა. ობიექტურად რომ შევხედოთ - არ არსებობს ადამიანი, რომელსაც უყვარს ეს ქვეყანა, [რომლისთვისაც] ტერიტორიულ მთლიანობაზე მაღლა რომელიმე საერთაშორისო ორგანიზაციის წევრობა იდგეს, მაგრამ ეს ხომ ცრუ დილემაა შემოსაღებული  თვითონ რუსული ნარატივი, რომ თითქოს ვიღაცასთან ურთიერთობების დალაგების ხარჯზე, ნატოზე და ევროკავშირზე უარის თქმის ხარჯზე შეიძლება ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა აღდგეს. ამ საკვებით კვებავდა თავის ამომრჩეველს 2024 წლის არჩევნების განმავლობაში თავად „ოცნება“.

მინსკი ნეიტრალურ ტერიტორიად როგორ შეიძლება განიხილებოდეს, როდესაც რუსეთის ფედერაცია, 2022 წელს განახლდა აგრესიული ომი უკრაინის წინააღმდეგ [და] ცდილობს, უკრაინული მხარე მინსკში მიიტყუოს მოლაპარაკებების მაგიდასთან? უკრაინული მხარე ამას არ თანხმდება, ხან სტამბულში აქვთ შეხვედრები და ხან - სხვა ნეიტრალურ ტერიტორიებზე. ანუ, ჩვენ რა დაგვემართა ისეთი ოკუპირებულ ქვეყანას, რომ ჩავდივართ იმ ქვეყნის დედაქალაქში, რომლის პრეზიდენტიც სამი წლის წინ იყო ჩასული სოხუმში და ფაქტობრივად დარღვეული აქვს ოკუპაციის შესახებ საქართველოს კანონი. აი, ამ ტერიტორიაზე ჩავდივართ და მოლოდინი გვაქვს იმის, რომ რაღაც ხელშესახებ შედეგებს წამოვიღებთ ამ მოლაპარაკებებიდან.

ჯერ ერთი, ხომ ისეთი ადამიანი უნდა გყავდეს წარგზავნილი, რომლისგანაც მოლოდინი გაქვს, რომ რაღაც დიპლომატიური გამოცდილება, ზურგი აქვს ისეთი, რომ შეძლებს ამ მოლაპარაკებების წარმოებას. ადამიანი მაგდა ანიკაშვილთან ვერ ლაპარაკობდა გუშინ, რა ინტერვიუც გავიდა „იმედის“ ეთერში და გალუზინს რომ უსვამ სასაუბროდ, ჯერ ხომ უნდა იცოდე, ვინ არის გალუზინი - ადამიანი იყო იაპონიის ელჩი [რუსეთის ელჩი იაპონიაში]. იაპონიასა და რუსეთს როგორი ურთიერთობა აქვთ კურილის კუნძულების გამო, ყველამ კარგად ვიცით. უზარმაზარი დიპლომატიური ბექგრაუნდით, თან ეს არის ადამიანი, რომელმაც გადმოიბარა ანდრეი რუდენკოსგან [პორტფელი] და ამ პორტფელზე გადავიდა ოკუპირებული ტერიტორიებიც - ცხინვალის რეგიონიც და აფხაზეთიც, და გალუზინი მუშაობს იმაზე, რომ ეს ტერიტორიები საერთაშორისო სამართლის სუბიექტებად იქნეს აღიარებული.“