„კოკა ყოველთვის წყალს არ მოიტანს, ძალიან თავდაჯერებულებიც ნუ იქნებით“ - პაატა ბურჭულაძის ვაჟი „ოცნებას“

26.11.26 23:56
„კოკა ყოველთვის წყალს არ მოიტანს, ძალიან თავდაჯერებულებიც ნუ იქნებით“ - პაატა ბურჭულაძის ვაჟი „ოცნებას“

პატიმრობაში მყოფი საოპერო ვარსკვლავის, პაატა ბურჭულაძის ვაჟი შუქრი ბურჭულაძე „ტვ პირველის“ ეთერში ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ დოკუმენტი ევროკავშირისთვის „მწვანე შუქია“, რათა დასანქცირდნენ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები, მათ შორის ბიძინა ივანიშვილი და მოსამართლეები.

მისი თქმით, რეზოლუციის შემდეგ წინ კიდევ რამდენიმე პროცედურა და ევროკავშირის ქვეყნების კენჭისყრაა, რაც, ბურჭულაძის შეფასებით, უფრო რეალისტური ხდება მას შემდეგ, რაც ვიქტორ ორბანი აღარ არის ხელისუფლებაში.

იგი „ქართულ ოცნებას“ ურჩევს, ზედმეტად თავდაჯერებულები ნუ იქნებიან, რადგან „კოკა ყოველთვის წყალს არ მოიტანს“.

ბურჭულაძემ ინგა გრიგოლიას "რეაქციაში" სტუმრობისას პაატა ბურჭულაძის მდგომარეობასა და საპროცესო გარიგებების თემაზეც ისაუბრა. მისი განცხადებით, რეზოლუციის მიღების შემდეგ მამასთან კონტაქტი ჯერ ვერ მოახერხა, თუმცა იგი მხნედ არის და ამ რეზოლუციის ძალაში მოყვანას თავიდანვე ემხრობოდა.

რაც შეეხება საპროცესო შეთანხმებას, შუქრი ბურჭულაძის თქმით, პაატა ბურჭულაძის მოწოდება იყო, რომ ციხიდან ყველა გავიდეს. მისი თქმით, იგი საპროცესო შეთანხმებას არ განიხილავს და არ აპირებს. 

ბურჭულაძემ ასევე შეაფასა „ქართული ოცნების“ პოლიტიკური კურსი და მიიჩნია, რომ ხელისუფლების მხრიდან დათმობების მოლოდინი არ არსებობს. მისი თქმით, ევროკავშირთან ურთიერთობების გაუარესება დაიწყო არა მხოლოდ 2024 წლის 28 ნოემბრის განცხადებით, არამედ უფრო ადრე - 2021 წელს შარლ მიშელის შეთანხმების ცალმხრივად ანულირების შემდეგ, როდესაც ევროპამ კონკრეტული ნაბიჯები მოითხოვა.

როგორც მან აღნიშნა, დღევანდელი პროცესები, მათ შორის მოსკოვთან პირისპირ მოლაპარაკებების გაშუქება, ცხადყოფს, რომ ხელისუფლება დასავლეთს შორდება და რუსეთისკენ მიდის, რის ფონზეც გასაკვირად მიაჩნია ნაწილი მხარდამჭერების რწმენა „ქართული ოცნების“ პროევროპელობის მიმართ.