ბათუმში არსებული ვითარება და კომუნიკაცია ანკარასთან - რა განაცხადა საქართველოს შს მინისტრმა თურქული მედიის ცნობით

27.11.26 01:06
ბათუმში არსებული ვითარება და კომუნიკაცია ანკარასთან - რა განაცხადა საქართველოს შს მინისტრმა თურქული მედიის ცნობით

ბათუმში თურქეთიდან ჩამოსულ გულშემატკივრებსა და ქართველ სამართალდამცველებს შორის მომხდარი დაპირისპირების შემდეგ, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა სულხან თამაზაშვილმა თურქ კოლეგას, მუსტაფა ჩიფთჩის სატელეფონო საუბრისას განუცხადა, რომ ქართულ მხარეს სურს, ვითარება მშვიდობიანად და კარგად დასრულდეს. 

საუბრის ვიდეოჩანაწერი თურქულმა მედიამ გაავრცელა.  - თამაზაშვილის კომუნიკაცია თურქ კოლეგასთან უწყებას ჯერ არ დაუდასტურებია.

თურქული გამოცემების ცნობით, თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ქართულ მხარეს სთხოვა, თურქ გულშემატკივრებს, როგორც სტუმრებს, მაქსიმალურად კარგად მოპყრობოდნენ:

„ძალიან გვინდა გთხოვოთ ჩვენს კოლეგებს საქართველოში, ისინი იქ სტუმრად არიან საქართველოში და შეძლებისდაგვარად კარგად მოეპყრონ და კარგად დასრულდეს ეს მატჩი და ყველაფერმა კარგად ჩაიაროს“, - აღნიშნა მუსტაფა ჩიფთჩიმ.

თურქული მედიის ცნობით, სულხან თამაზაშვილის თქმით, ადგილზე სიტუაციის განმუხტვის მიზნით მისი მოადგილე იმყოფება და პოლიცია ცდილობს, ძალის გამოყენება საჭირო არ გახდეს:

„რა თქმა უნდა. რა თქმა უნდა. კოლეგას უთხარით, რომ სწორედ ამიტომ მყავს იქ პირადად ჩემი მოადგილე მივლენილი და მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ დავაწყნაროთ და პოლიციური ძალების გამოყენება არ დასჭირდეს... თუმცა კიდევ ხაზს ვუსვამ, რომ სპორტულ ქომაგებს ეს აგრესია და გადაჭარბებული ემოციები ცნობილია ყველასთვის, რომ აქვთ. და შესაბამისად ვიყენებთ ისეთ ძალას, რომელიც დაგვჭირდება მინიმალურად ამ აგრესიის მართვისთვის“, - განაცხადა საქართველოს შს მინისტრმა.

26 ნოემბერს ბათუმში გამართულ UEFA-ს ევროპა ლიგის მატჩს, რომელშიც თურქული „ბეშიქთაში“ და ისრაელის „ჰაპოელ ბეერ-შევა“ დაუპირისპირდნენ, მსვლელობისა და სტადიონზე მომხდარი დაპირისპირებების გამო თამაშის დროებით შეჩერება მოჰყვა.

შეხვედრის ნეიტრალურ მოედანზე გადატანა

  •  მატჩი თავდაპირველად სტამბოლში უნდა ჩატარებულიყო, თუმცა თურქეთის ხელისუფლებამ UEFA-ს შეატყობინა, რომ უსაფრთხოების მოსაზრებებით შეხვედრის სტამბოლში გამართვა შეუძლებელი იყო. UEFA-ს მიერ 30 ოქტომბერს მიღებული გადაწყვეტილებით, შეხვედრა ნეიტრალურ მოედანზე, ბათუმში დაინიშნა, სადაც ტრიბუნებზე გულშემატკივრებიც დაიშვებოდნენ.

მსვლელობა და ინციდენტები სტადიონზე

  • მატჩის დაწყებამდე „ბეშიქთაშის“ გულშემატკივრებმა ბათუმის ქუჩებში მსვლელობა მოაწყვეს, რასაც პოლიციასთან რამდენიმე ინციდენტი ახლდა. არსებული ინფორმაციით, ქომაგები პოლიციის მიმართულებით სხვადასხვა საგანს ისროდნენ.

  • დაძაბულობა სტადიონზეც გაგრძელდა. თურქული მედიის კადრების მიხედვით, მას შემდეგ, რაც გულშემატკივრებმა ტრიბუნებზე პალესტინის დროშა გაშალეს, მათთან სამართალდამცველები მივიდნენ; ტრიბუნებზე ისმოდა ისრაელის საწინააღმდეგო შეძახილებიც.

  •  არსებული ინფორმაციით, პოლიციამ გულშემატკივრების წინააღმდეგ წიწაკის სპრეი გამოიყენა. სულ მცირე ერთი გულშემატკივარი დაშავდა, დააკავეს რამდენიმე პირი.

თამაშის შეჩერება და განახლება

ინციდენტების გამო მატჩი დროებით შეწყდა - შეხვედრა დაახლოებით 30 წუთის შემდეგ განახლდა.

მსგავსი სიახლეები