არაფერი განსაკუთრებული არ მომხდარა - კალაძე ბათუმის სტადიონზე მომხდარ დაპირისპირებაზე

27.11.26 12:48
არაფერი განსაკუთრებული არ მომხდარა - კალაძე ბათუმის სტადიონზე მომხდარ დაპირისპირებაზე

 

 

თბილისის მერმა კახა კალაძემ ბათუმში, „ბეშიქთაშისა“ და „ჰაპოელ ბეერ-შევას“ მატჩის დროს მომხდარ ინციდენტს ჩვეულებრივი საფეხბურთო მოვლენა უწოდა.

მისი თქმით, გულშემატკივრების მხრიდან მსგავსი ქმედებები არახალია და ამაში განსაკუთრებულს ვერაფერს ხედავს.

კალაძემ აღნიშნა, რომ ქართველმა სამართალდამცავებმა კანონის სრული დაცვით იმოქმედეს და მოქალაქეების უსაფრთხოება უზრუნველყვეს.

„სამწუხაროდ, ფეხბურთში ხდება ხოლმე ამ ტიპის ქმედებები ფანების მხრიდან. მე რამე განსაკუთრებულს ვერ ვხედავ. იყო აგრესიული ჯგუფები, შეიძლება პროვოკაციებიც, თუმცა ჩვენმა შესაბამისმა უწყებებმა კანონის ფარგლებში იმოქმედეს და სხვა მოქალაქეების უსაფრთხოება დაიცვეს.

პირველად არ გვინახავს ამ ტიპის ქმედებები ფანების მხრიდან, სამწუხაროდ, ფეხბურთში ეს ხდება, მათ შორის ევროპულ ქვეყნებშიც. ევროპის ჩემპიონატების დროს არაერთი ასეთი მაგალითი შეგვიძლია მოვიყვანოთ. არაფერი განსაკუთრებული არ მომხდარა“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.

რა მოხდა ბათუმში:

  • თურქეთის „ბეშიქთაშისა“ და ისრაელის „ჰაპოელ ბეერ შევას“ მატჩი, რომელიც 26 ნოემბერს ბათუმში გაიმართა, თავდაპირველად სტამბოლში უნდა ჩატარებულიყო. თუმცა თურქეთის ხელისუფლებამ უსაფრთხოების რისკების გამო უეფას აცნობა, რომ შეხვედრის მასპინძლობა არ შეეძლო. უეფამ მატჩის ნეიტრალურ მოედანზე, ბათუმში გამართვის გადაწყვეტილება მიიღო.
  • ბათუმში მატჩის დაწყებამდე ვითარება დაიძაბა და დაძაბულობა მატჩის მიმდინარეობისას გაგრძელდა. თამაში გარკვეული პერიოდით შეწყდა კიდეც.
  • პოლიციასა და „ბეშიქთაშის“ გულშემატკივრებს შორის დაპირისპირება მოხდა, მათ შორის მას შემდეგ, რაც ტრიბუნაზე გულშემატკივრებმა პალესტინის დროშა გაშალეს.
  • შსს-ს ცნობით, ბათუმში „ბეშიქთაშისა“ და „ჰაპოელ ბეერ-შევას“ მატჩის გარშემო განვითარებული მოვლენების შედეგად პოლიციის სამი თანამშრომელი დაშავდა, ხოლო 16 ადამიანი დააკავეს.

 

მსგავსი სიახლეები