"ევროპარლამენტის რეზოლუცია არის ერთი აგური ივანიშვილისთვის ძირის გამოთხრის გზაზე" - ჩერგოლეიშვილი
"ევროპარლამენტის რეზოლუცია არის ერთი აგური ივანიშვილისთვის ძირის გამოთხრის გზაზე" - ამის შესახებ "პირველებთან" პარტია "ფედერალისტების" ლიდერმა თამარ ჩერგოლეიშვილმა განაცხადა.
ჩერგოლეიშვილის განცხადებით, ივანიშვილის მიერ პოლიტიკოსების, მათ შორის მისი ყოფილი თანაგუნდელების ციხეში გამოკეტვას დასავლეთი ურეაქციოდ არ დატოვებს.
ჩვენ ხომ ისიც გვახსოვს, როგორ იმშვიდებდნენ თავს, რომ არანაირი სანქციები არ იქნება და არ დაგვასანქცირებენ, მარა ნუ ფაქტია, რომ დასანქცირებულები არიან, წყობიდან გამოვიდა ბიძინა ივანიშვილი და 20-ზე მეტი „ქოცი“ ციხეში ჩასვა ეხლა. მაგას შემდეგი მთავრობა ვერ იზამდა ისე მოხერხებულად, როგორც ბიძინამ გაავლო მუსრი ისევ თავისივე ბაზას და ეს ყველაფერი არის საერთაშორისო სანქციების, საპარლამენტო რეზოლუციების, ქართველი ხალხის წინააღმდეგობის — აი ამ ყველაფრის დამსახურება. კომპლექსურად უნდა შევხედოთ ევროპარლამენტის რეზოლუციასაც, ისიც არის ერთი აგური ბიძინა ივანიშვილისთვის ძირის გამოთხრის გზაზე.“- განაცხადა თამარ ჩერგოლეიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ გუშინ ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე რეზოლუცია - „პაატა ბურჭულაძის საქმე და პოლიტიკური პატიმრები „ქართული ოცნების“ რეჟიმის პირობებში“ - 441 ხმით 47-ის წინააღმდეგ დაამტკიცეს.
- ევროპარლამენტი „მოუწოდებს ევროკავშირს შეინარჩუნოს კოორდინირებული პასუხი და კიდევ ერთხელ მოითხოვს მიზნობრივი სანქციების დაწესებას, მათ შორის, აქტივების გაყინვასა და ევროკავშირში შესვლისა თუ ტრანზიტის აკრძალვას, დემოკრატიულ უკუსვლაზე, კანონის უზენაესობის შელახვასა და ადამიანის უფლებების სერიოზულ დარღვევებზე პასუხისმგებელი პირების წინააღმდეგ, მათ შორის, ბიძინა ივანიშვილის, ირაკლი კობახიძის, შალვა პაპუაშვილის, კახა კალაძისა და სხვა მაღალჩინოსნების, ასევე მოსამართლეების, პროკურორებისა და სამართალდამცავი ორგანოების ოფიციალური პირების წინააღმდეგ“.