კობახიძე ამტკიცებს, რომ რუსეთს საქართველოს 18% აქვს ოკუპირებული და არა 20%
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების რეალური მაჩვენებელი 18%-ია და არა 20%, როგორც ეს წლების განმავლობაში იყო დამკვიდრებული, - ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ გადაცემა „ღია ეთერში“ განაცხადა.
კობახიძის თქმით, არ იცის, თავის დროზე რატომ დამრგვალდა ეს მაჩვენებელი, თუმცა მიიჩნევს, რომ საკუთარი ქვეყნის მიმართ დამოკიდებულებისას ოკუპირებული ტერიტორიების დამრგვალება არასწორია. მისი შეფასებით, 20%-იანი მაჩვენებლის დამკვიდრებაც იმ გულგრილ დამოკიდებულებაზე მიუთითებს, რომელიც წინა ხელისუფლებას ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ ჰქონდა.
„ამას არსებითი მნიშვნელობა კი არა აქვს, მაგრამ 20 % მოგვყვება ჩვენ წლებია, და ესეც გულგრილ დამოკიდებულებაზე მეტყველებს, რაც ჰქონდა წინა ხელისუფლებას ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ. ვინ ჩივის 20%-ს და 18%-ს შორის განსხვავებას — ქვების გროვას უწოდებდა პირდაპირ წინა ხელისუფლება და მისი პრეზიდენტი დაკარგულ სოფლებს ცხინვალის რეგიონში. ეს მძიმე მემკვიდრეობაა.
რაც შეეხება იმას, გაფართოვდა თუ არა ტერიტორიული ინტერვენცია, ოკუპაცია — რეალურად გვაქვს ასეთი ვითარება: არსებითად მიჰყვება ეს მავთულხლართები და ე.წ. საზღვარი ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის საზღვრებს, ძველი რუკით ახორციელებენ, ასე ვთქვათ, მავთულხლართების გავლებას, და, სამწუხაროდ, გვაქვს ერთი მონაკვეთი — ეს არის სწორედ ჩორჩანის მონაკვეთი, სადაც კილომეტრებით არიან შემოწეული ჩვენს ტერიტორიაზე ცხინვალის რეგიონის მიღმა. ასეთია დღევანდელი მდგომარეობა. ძალიან რთული ვითარებაა, ესეც არის მძიმე მემკვიდრეობა, რომელიც ჩვენ დაგვხვდა. აქაც მაქსიმალურად ვცდილობთ დავიცვათ ჩვენი ეროვნული ინტერესები, ჩვენი პოზიციები, თუმცა მემკვიდრეობა არის ძალიან მძიმე,“- განაცხადა კობახიძემ