"ხელისუფლება უშვებს შეცდომას, როდესაც სხდომას ხურავს" - ელისო კილაძის ადვოკატი
ელისო კილაძის ადვოკატის, ვალერი გელბახიანის განცხადებით, ხელისუფლება შეცდომას უშვებს, როდესაც სასამართლო დარბაზებს ხურავს და ამით აძლიერებს ეჭვს, რომ მტკიცებულებები არ არსებობს.
უფლებადამცველმა პროკურატურას მოუწოდა, რომ მომდევნო პროცესებზე აღარ დააყენოს სხდომის დახურვის შესახებ შუამდგომლობა.
მისივე თქმით, დღევანდელ პროცესზე მოსამართლე პროკურატურის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის მტკიცებულებების დაუშვებლად ცნობის თაობაზე.
- მანამდე, პროკურორმა "პირველებთან" განაცხადა, რომ დაცვის მხარის ზოგიერთი მტკიცებულება საპროცესო კანონმდებლობის დარღვევით იქნა მოპოვებული.
პროკურორის შუამდგომლობა იყო რამდენიმე მტკიცებულების დაუშვებლად ცნობის თაობაზე, რომელიც არ დააკმაყოფილა სასამართლომ. ელისო კილაძის პროცესი რომ გაიხსნას და ღიად ჩატარდეს, ხომ უნდა იცოდეს საზოგადოებამ რას ედავება, რა მტკიცებულებები აქვს, როდესაც საზოგადოებისთვის მიუწვდომელია რეალური ინფორმაციები, როგორ უნდა გააკეთოს დასკვნა - ხელისუფლება სწორად მოქმედებს თუ არა.
მე მგონია, რომ ხელისუფლება უშვებს შეცდომას, როდესაც სხდომას ხურავს, ამით აძლიერებს ეჭვს, რომ არ არის მტკიცებულებები და ამიტომ ხურავს.
მე მოვუწოდებ პროკურატურას, რომ არ დააყენოს ეს შუამდგომლობა არსებით სხდომაზე და ასევე სასამართლოსთანაც გვექნება იგივე პოზიცია, რომ სხდომის დახურვა აძლიერებს ყველას ეჭვს, მათ სორის ჩემ ეჭვს, რომ არ არის მტკიცებულებები და ამიტომ იხურება სხდომა," - განაცხადა ვალერი გელბახიანი.
- ცნობისთვის, ელისო კილაძე 18 თებერვალს ე.წ ქოლ-ცენტრების საქმეზე ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი თაღლითობისა და ფულის გათეთრების ბრალდებით დააკავეს. ჟურნალისტთან ერთად ამავე საქმეზე ბრალდებულია ყოფილი გენ.პროკურორი ოთარ ფარცხალაძე და ძმები დავით და გიორგი მიქაძეები. პროკურატურის ვერსიით, კილაძე ქოლ-ცენტრის საქმიანობის გამოაშკარავების ან მსგავსი რისკის არსებობის შემთხვევაში, დანაშაულებრივი საქმიანობის კანონიერად წარმოჩენას უზრუნველყოფდა.