ვენეციის კომისია პარტიების აკრძალვის კანონს არაპროპორციულსა და გაუმართლებელს უწოდებს

13.10.26 17:24
ვენეციის კომისია პარტიების აკრძალვის კანონს არაპროპორციულსა და გაუმართლებელს უწოდებს

საქართველოში პოლიტიკურ პარტიების აკრძალვასთან და ასაკრძალ პარტიებთან დაკავშირებული პირებისთვის დაწესებული შეზღუდვები არაპროპორციული და გაუმართლებელია -  ამის შესახებ ვენეციის კომისიის დასკვნაშია საუბარი. 

კომისიამ დაწერა, რომ კანონმდებლობა, რომელიც კონსტიტუციური წესრიგის დაცვის მიზნით მიიღეს, შესაძლოა, თავად უქმნიდეს კონსტიტუციას სერიოზულ საფრთხეს.

  • ვენეციის კომისია განმარტავს, რომ საერთაშორისო სტანდარტებით პოლიტიკური პარტიის აკრძალვა და მასთან დაკავშირებული სანქციები, მათ შორის, პარტიის ცალკეული წევრების წინააღმდეგ შესაძლოა, გამართლებული იყოს მხოლოდ მკაცრად შეზღუდულ შემთხვევებში, ლეგიტიმური მიზნისა და პროპორციულობის მოთხოვნების დაცვით.

ამასთან, ვენეციის კომისია აღნიშნავს, რომ აკრძალულ პოლიტიკურ პარტიებთან „დაკავშირებული“ პირებისთვის დაწესებული შეზღუდვები ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტების თვალსაზრისით სერიოზულ შეშფოთებას იწვევს.

კომისია პრობლემურად მიიჩნევს შეზღუდვების ერთობლიობასაც, რადგან პოლიტიკური პარტიებიდან, არჩევნებში მონაწილეობიდან, საჯარო თანამდებობებიდან და წარმომადგენლობითი მანდატებიდან ერთდროულად გამორიცხვამ შესაძლოა პოლიტიკური უფლებების არსებითი ნაწილი დააზიანოს. 

დასკვნაში ასევე აღნიშნულია, რომ კანდიდატების საარჩევნო პროცესიდან ჩამოშორებამ ან მანდატების შეწყვეტამ, განსაკუთრებით საარჩევნო პერიოდში დაჩქარებული პროცედურების გამოყენების შემთხვევაში, შესაძლოა საარჩევნო კონკურენცია და ამომრჩეველთა არჩევანის თავისუფლება დაამახინჯოს.

კომისიის საბოლოო შეფასებით, განსახილველი კანონმდებლობა არ ემსახურება დეკლარირებულ მიზანს – დაიცვას კონსტიტუციური წესრიგი მისი ძალადობრივი შეცვლისგან, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის საფრთხის შექმნისგან, ომის პროპაგანდისგან, ძალადობისა და ეროვნული, რეგიონული, რელიგიური ან სოციალური შუღლის გაღვივებისგან.

ამის ნაცვლად, კომისიის აზრით, კანონმდებლობა საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური თავისუფლების არაპროპორციულ და გაუმართლებელ შეზღუდვებს აწესებს და ხელს უშლის პოლიტიკური ოპოზიციის ჩამოყალიბებასა და არსებობას.

ასევე ნახეთ: