საკონსტიტუციომ ოპოზიციური პარტიების აკრძალვაზე „ოცნების“ სარჩელი განსახილველად მიიღო

13.10.26 18:40
საკონსტიტუციომ ოპოზიციური პარტიების აკრძალვაზე „ოცნების“ სარჩელი განსახილველად მიიღო

“ქართული ოცნების“ კონსტიტუციური სარჩელი პოლიტიკური პარტიების „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა“, „ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“, „ფედერალისტური პარტია“, „გახარია საქართველოსთვის“ საქმიანობის აკრძალვის საკითხზე საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა განსახილველად მიიღო.

ამის შესახებ ინფორმაციას საკონსტიტუციო სასამართლო ავრცელებს.

პლენუმის შემადგენლობაში, რომელიც აღნიშნულ საქმეს განიხილავს, არიან - რევაზ ნადარაია, ევა გოცირიძე, გიორგი თევდორაშვილი, გოგა კიკილაშვილი, სერგო მეთოფიშვილი, გიორგი მოდებაძე და ვასილ როინიშვილი.

  • დღეს ცნობილი გახდა, რომ საქმის განხილვაში არ მიიღებს მონაწილეობას მოსამართლე მანანა კობახიძე. მან თავდაპირველად თვითგანრიდება მოითხოვა, თუმცა კოლეგებმა მისი მოთხოვნა არ დააკმაყოფილეს, რის შემდეგაც კობახიძემ საკონსტიტუციო სასამართლო უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე დატოვა.

მიღებულ იქნეს არსებითად განსახილველად №1979 კონსტიტუციური სარჩელი („საქართველოს პარლამენტის წევრების (სულ 88 წევრის) კონსტიტუციური სარჩელი პოლიტიკური პარტიების („ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა“, „ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“, „ფედერალისტური პარტია“, „გახარია საქართველოსთვის“) საქმიანობის კონსტიტუციურობისა და აკრძალვის საკითხზე“).

საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი.

საქმის არსებითი განხილვა დაიწყება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის 42 პუნქტის შესაბამისად.

საოქმო ჩანაწერი საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.

საოქმო ჩანაწერი გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“, - წერია ინფორმაციაში. 

  • ცნობისთვის, ახალი სარჩელი პარლამენტის 88 წევრმა საკონსტიტუციო სასამართლოში 2026 წლის 24 სექტემბერს შეიტანა.
  • კანონმდებლობის თანახმად, ამ კატეგორიის საქმეებზე გადაწყვეტილების მისაღებად სასამართლოს ცხრა თვე აქვს. შესაბამისად, გადაწყვეტილების გამოტანის ვადა 2027 წლის 24 ივნისს იწურება.

 

მსგავსი სიახლეები