"უსაფრთხოებასთან დაკავშირებით პრეტენზიები არ აქვს" - გიორგი ფეიქრიშვილი ომბუდსმენის წარმომადგენელმა მოინახულა
გიორგი ფეიქრიშვილი სახალხო დამცველის წარმომადგენელმა გლდანის ციხეში მოინახულა. ომბუდსმენის აპარატის ინფორმაციით, ბრალდებულმა დაადასტურა, რომ საკანში მარტო იმყოფება და უსაფრთხოებასთან დაკავშირებით ამ ეტაპზე პრეტენზიები არ აქვს. სახალხო დამცველის აპარატმა ფეიქრიშვილი მისი შესაძლო არასათანადო მოპყრობის შესახებ ცხელ ხაზზე შესული შეტყობინების საფუძველზე მოინახულა.
მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი საზოგადოებას აწვდის ინფორმაციას ბრალდებულ გიორგი ფეიქრიშვილის საქმესთან დაკავშირებით განხორციელებული რეაგირების შესახებ.
2026 წლის 25 ოქტომბერს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის ცხელ ხაზზე შემოვიდა შეტყობინება №8 პენიტენციურ დაწესებულებაში ბრალდებულ გიორგი ფეიქრიშვილის მიმართ სავარაუდო არასათანადო მოპყრობის ფაქტის შესახებ და თხოვნა ბრალდებულის მონახულების თაობაზე.
მიღებული შეტყობინების საფუძველზე, სახალხო დამცველის რწმუნებულმა №8 პენიტენციურ დაწესებულებაში პირადად მოინახულა გიორგი ფეიქრიშვილი. ბრალდებულის განმარტებით, იგი საკანში მარტო იმყოფება და მასთან ერთად სხვა პატიმრები არ არიან განთავსებული. ამასთან, მისი განცხადებით, ამ ეტაპზე უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით პრეტენზიები არ აქვს. აღსანიშნავია, რომ მონახულებისას გიორგი ფეიქრიშვილს სახალხო დამცველის აპარატის მიმართ დამატებითი მოთხოვნები არ დაუფიქსირებია, - ნათქვამია ომბუდსმენის განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ დღეს 25 ოქტომბერს, გიორგი ფეიქრიშვილის დედამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ საკანში მისი შვილი ვატო ყიფიანმა სცემა.