ციხეების ახალი უფროსის წარდგენას ესწრებიან რამაზ ფირცხალავა და შოთა ტრაპაიძე, ვის გადადგომასაც პატიმართა ოჯახები ითხოვენ

27.10.26 13:22
ციხეების ახალი უფროსის წარდგენას ესწრებიან  რამაზ ფირცხალავა და შოთა ტრაპაიძე, ვის გადადგომასაც პატიმართა ოჯახები ითხოვენ

შეხვედრას, სადაც იუსტიციის მინისტრმა თანამშრომლებს პენიტენციური სამსახურის ახალი უფროსი, რამაზ თათარაშვილი წარუდგინა, ესწრება გლდანის ციხის უფროსი, რამაზ ფირცხალავა. 

კადრებში ჩანს, რუსთავის მეექვსე ციხის უფროსი, შოთა ტრაპაიძეც. ორივე მათგანის მიმართ, პატიმრების ოჯახების მხრიდან არაერთი მძიმე ბრალდება ისმის. 

ამასთან, დღეს გავრცელდა ცნობა, რომ გიორგი პატარიძის შემდეგ პოსტი შესაძლოა გლდანის მე-8 პენიტენციური დაწესებულების დირექტორმა დატოვოს. 

რამაზ ფირცხალავას გადადგომას ითხოვს დაკავებული ტყუპი ძმების, დავით და გიორგი ფექირიშვილების დედა. ნინო აბრამიშვილი ამტკიცებს, რომ დავით ფეიქრიშვილი საკანში სწორედ ფირცხალავასთან შეთანხმებით სცემეს.

რაც შეეხება შოთა ტრაპაიძეს მის სახელს პატიმართა მიმართ ძალადობის, წამების, არაადამიანური მოპყრობისა და უფლებების გადამეტების არაერთი ბრალდება უკავშირდება.

უკვე რამდენიმე თვეა, 36 წლის პატიმრის, გიორგი დავითაძის ოჯახი ტრაპაიძის გადადგომასა და ამ საქმეზე მიუკერძოებელი გამოძიების ჩატარებას ითხოვს.

პატიმრის მიმართ სექსუალური ძალადობის გახმაურების შემდეგ, გამოჩნდა სხვა პატიმარიც, ნოდარ კიკნაძე ამტკიცებს, რომ ვიდრე დეესკალაციის ოთახში მასზე ბადრაგები იძალადებდნენ, ფიზიკურად გაუსწორდნენ შოთა ტრაპაიძის კაბინეტშიც.