საკონსტიტუციოში ხმაურია - არჩილ გორდულაძემ ბადრი ჯაფარიძეს სიტყვა გააწყვეტინა
ცოტა ხნის წინ ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება იყო საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე, სადაც სიტყვით "ლელო- ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, ბადრი ჯაფარიძე გამოდის.
ჯაფარიძემ სხდომაზე განაცხადა, რომ "ოცნება" ამზადებს ნიადაგს კონსტიტუციური გადატრიალებისთვის" - ამ დროს პოლიტიკოსს სიტყვა "ოცნების" წევრმა, არჩილ გორდულაძემ შეაწყვეტინა.
"ხმა არ ამოგვიღია გუშინ და გუშინწინ, მაგრამ ახლა მოპასუხე იწყებს პოლიტიკურ განცხადებას, ამიტომ გთხოვთ უზრუნველყოთ, რომ მხარემ ისაუბროს სარჩელის გარშემო" - განაცხადა გორდულაძემ, რის შემდეგაც ის ბადრი ჯაფარიძემ შეურაცმყოფელი განცხაადებების გაკეთებაში დაადანაშაულა.
"ეს ახალგაზრდა გამორჩეულია პირადი შეურაცხმყოფელი განცხადებებით, ის გამუდმებით მოგვიხსენიებს ჩვენ როგორც ხანდაზმულ თაღლითებს", - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.
საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე რევაზ ნადარაიამ განმარტა, რომ პოლიტიკურ პროცესებზე საუბარი საქმის განხილვისას გარდაუვალია, თუმცა მხარეები ზოგად პოლიტიკურ განცხადებებს უნდა მოერიდონ.
კამათში ჩაერთო „ლელოს“ წარმომადგენელი ლევან სამუშიაც, რომელმაც აღნიშნა, რომ ჯაფარიძე სარჩელის პოლიტიკურ მიზნებზე საუბრობდა და ამის შეფასების შესაძლებლობა უნდა ჰქონოდა.