კახა კალაძე: გარევაჭრობის აკრძალვა ხალხმა გვთხოვა
მარჯანიშვილის მოედანზე გარემოვაჭრეების პროტესტს დღეს თბილისის მერმა უპასუხა. კახა კალაძე ამბობს, რომ ეს არის უნებართვო საქმიანობა, რაც ადგილობრივი მოსახლეობისთვის შემაწუხებელია.
შემოსავლის ერთადერთი წყაროს გარეშე ხალხის დატოვებას კალაძე ქალაქის იერსახის დამახინჯებით ხსნის.
მისივე თქმით, მოედანზე იგეგმება რეაბილიტაცია, ამიტომ გარე მოვაჭრეებს ალტერნატიული სივრცეები უკვე მოუძებნეს.
"როგორც იცით, გარევაჭრობა აკრძალულია, მით უფრო, როდესაც მსგავსი არაორგანიზებული ვაჭრობა ხდება მეტროსადგურების მიმდებარედ, სადაც გადაადგილდება უამრავი ადამიანი. არაერთი თხოვნა, წერილი და სატელეფონო ზარი იყო მოსახლეობის მხრიდან, რომ მოგვეწესრიგებინა "მარჯანიშვილის" მეტროს შესასვლელთან არსებული ტერიტორია, რადგან მოქალაქეები ვერ ახერხებდნენ დაუბრკოლებლად გადაადგილებას, რომ აღარაფერი ვთქვათ ანტისანიტარიასა და ისტორიულ არეალში ქალაქის იერსახის დამახინჯებაზე.
აქვე უნდა ვთქვა, რომ ჩვენთვის ამ ადამიანების ბედი არ არის სულერთი და ძალიან კარგად გვესმის მათი მდგომარეობა. შემთხვევითი არ არის ის, რომ დედაქალაქის მუნიციპალიტეტს აქვს ძალიან ბევრი პროგრამა ჯანდაცვის, სოციალური თუ ეკონომიკური მიმართულებით, რათა დავეხმაროთ იმ ადამიანებს, რომელთაც დღეს ყველაზე მეტად სჭირდებათ თანადგომა. ასევე, მესმის იმ ადამიანების, რომლებიც მეტროსადგურ "მარჯანიშვილის" მიმდებარე ტერიტორიაზე საქმიანობდნენ. მერწმუნეთ, არავის უნდა, რომ მათი ოჯახები დარჩნენ შემოსავლის გარეშე.
შესაბამისად, აღმკვეთი ღონისძიების პარალელურად, ჩვენ დაწყებული გვქონდა მოძიება სავაჭრო სივრცეების, სადაც ეს ადამიანები შეძლებენ თავიანთი საქმიანობის განხორციელებას. უკვე მოძიებულია ასეთი სავაჭრო ადგილები - "ქალაქის გული" და "თერგი". "მარჯანიშვილის" მეტროსთან მოვაჭრეებს შეუძლიათ, ამ სავაჭრო სივრცეებში გააგრძელონ თავიანთი საქმიანობა", — განაცხადა კახა კალაძემ.
დედაქალაქის მერმა დაავალა ჩუღურეთის რაიონის გამგებელ დავით მაქაცარიას, კიდევ ერთხელ შეხვდეს ამ ადამიანებს და დეტალურად გააცნოს, თუ რას სთავაზობს თბილისის მერია მათ.