მამა-შვილ როგავებზე თავდასხმის საქმეზე დაკავებულ ვალტერ როგავას პატიმრობა შეეფარდა
მამა-შვილ როგავებზე თავდასხმის საქმეზე დაკავებული ვალტერ როგავა სასამართლომ პატიმრობაში დატოვა. ბრალდებული, რომელსაც პოლიცია 18 თვის განმავლობაში ეძებდა, 50 ათასი ლარის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდა, თუმცა მოსამართლე ეკატერინე ბებიამ დაცვის მხარის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.
პროკურატურა ვალტერ როგავას წინააღმდეგ პატიმრობის გამოყენებას ითხოვდა, რადგან მათი თქმით, არსებობდა მიმალვის, მოწმეების ზეწოლის და მტკიცებულებების განადგურების საფრთხე.
პროცესს თავად ვალტერ როგავა დისტანციურად ესწრებოდა. ცნობილია, რომ ის თავს დამნაშავედ სცნობს.
შეგახსენებთ, რომ ვალტერ როგავა გუშინ დააკავეს. "პირველების" ინფორმაციით, ზამი როგავას მკვლელობის მცდელობისთვის ძებნილი პირი თავს იმ ტყეში იმალებოდა, სადაც წლების წინ თავს ბადრი ესებუა აფარებდა.
ვალეტერ როგავასთან ერთად დაკავებულია ოთხი პირი - მათგან 3 კაცია და 1 ქალია. ჩვენთვის მოწოდებული ინფორმაციით, ისინი წინა დღეებში სხვადახხვა დროს დააკავეს. მათ ბრალად დანაშაულის შეუტყობინებლობა ედებათ.
საქმის მასალების მიხედვით, ტყეში დამალულ ნათესავს ისინი საკვებით ამარაგებდნენ ან მათ სახლში იფარებდნენ. ოთხივე მათგანს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა გუშინ შეეფარდათ.