„ანუ, არ გამოვიდეთ გარეთ?!“ - რა თქვეს სასამართლოში ვატო ყიფიანმა და "კაწრომ"

25.11.26 17:02
„ანუ, არ გამოვიდეთ გარეთ?!“ - რა თქვეს სასამართლოში ვატო ყიფიანმა და "კაწრომ"

სასამართლოში ვატო ყიფიანისა და ავთანდილ ბილანიშვილის (კაწრო) საქმის განხილვა გრძელდება. საქმე ეხება რესტორანში მომხდარ ანგარიშსწორებას.

პროკურორმა ვახტანგ ხარებაშვილმა პროცესზე თქვა, რომ  წინასწარი პატიმრობის სხვა ზომით შეცვლის საფუძველი არ არსებობს, ვინაიდან არსებობს ბრალდებულების მიმალვისა და მოწმეზე ზემოქმედების საფრთხეები. 

პროკურორის ამ განცხადებაზე  ვატო ყიფიანმა თქვა: „ანუ, არ გამოვიდეთ გარეთ, სულ „ვიჯდეთ“ ხომ?". 

პროკურორმა აღნიშნა ისიც, რომ წარსულში ჩადენილი ქმედებებისთვის, ავთანდილ ბილანიშვილს არაერთხელ დაჰკისრებია ჯარიმა.

„როგორც კი მუშაობას დავიწყებ, გადავიხდი მაგ ჯარიმას”, - უთხრა პროკურორს "კაწრომ". 

სასამართლომ ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტები პატიმრობაში დატოვა.

მხარეების განცხადებები სხდომის დასრულების შემდეგ: 

ავთანდილ ბილანიშვილის ადვოკატის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი დუმილის უფლებას იყენებს, "თავს დამნაშავედ არ ცნობს და შესაბამისად, ქმედება არ განუხორციელებია".

რაც შეეხება დეტალებს, ჩვენ ხელი გვაქვს მოწერილი გაუხმაურებლობაზე.
არის ჯარიმები გარკვეული სახის, რომელიც გადახდას ექვემდებარება და გადაიხდის კიდეც. ხომ გაიგონეთ, დავიწყებ მუშაობას და გადავიხდიო"- აღნიშნა თამარ აბესაძემ.

ვატო ყიფიანის ადვოკატი  მარიკა ფხალაძე აღნიშნავს, რომ რადგან მისი დაცვის ქვეშ მყოფს სხვა საქმეზე უკვე შეფარდებული აქვს წინასწარი პატიმრობა, მოსამართლეს შეეძლო, რესტორანში მომხდარი ჩხუბის საქმეზე აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა არ გამოეყენებინა.

სხვა სისხლის სამართლის საქმეზე აღკვეთი ღონისძიება ისედაც შეფარდებული აქვს - პატიმრობა და შესაბამისად, აღკვეთი ღონისძიების მიზანი სამართლებრივად რაც არის ის უკვე უზრუნველყოფილია. შესაბამისად, კიდევ ერთი აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის დაყენება არის სამართლებრივ არსს მოკლებული, ერთი საკმარისი იყო და უნდა გაუქმებულიყო. სამწუხაროდ სასამართლომ არ მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება და კიდევ ერთი აღკვეთი ღონისძიება პატიმრობა აქვთ შეფარდებული ამ ეტაპზე ჩემი დაცვის ქვეშ მყოფებს - თაცხადებს მარიკა ფხალაძე.

 პროკურორმა ვახტანგ ხარებაშვილმა განმარტა, რომ საგამოძიებო უწყებამ რესტორანში მომხდარ ფაქტზე გამოძიება დაზარალებულის მიმართვის შემდეგ დაიაყო. 

მისი თქმით, გამოკითხულია ის თანამშრომელიც, რომელსაც წვდომა ჰქონდა ვიდეოს ჩანაწერებზე, რომელიც მომხდარ ფაქტს ასახავს.  

ხარებაშვილის განცხადებით, დაპირისპრების დროს ადგილზე რესტორნის ერთი თანამშრომელი იმყოფებოდა. 

ბრალდების მხარის პოზიცია სასამართლომ სრულად გაიზიარა პირველ ნაწილში, რომ საფრთხეები კვლავაც ძალაში იყო და გამოყენებული პატიმრობა სამივე პირის მიმართ ძალაში დატოვა და მეორე გარემოება წარმოდგენილი მტკიცებულებები აკმაყოფილებდა საპროცესო კოდექსით დადგენილ სტანდარტს, შესაბამისად საქმე წარიმართა სასამართლოში არსებითად განსახილველად.

დაზარალებულმა მომართა საგამოძიებო ორგანოს და მისი მომართვის საფუძველზე დაიწყო გამოძიება და მათ შორის გამოკითხული არის ის თანამშრომელი, რომელსაც წვდომა ჰქონდა ვიდეოს ჩანაწერებზე და ეს ჩანაწერები არის შემდგომში გამოთხოვილი",- აღნიშნავს საქმის პროკურორი. 

ცნობისთვის, ვატო ყიფიანს, ავთანდილ ბილანიშვილსა და შოთა ყიფიანს ჯგუფურად ჩადენილი ძალადობას ედავებიან. საქმის მასალების მიხედვით, 14 ოქტომბერს ამჟამად დაკავებულები კაცს ერთ-ერთ რესტორანში ფიზიკურად გაუსწორდნენ.

  • დაკავებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ძალადობა, ჩადენილი ჯგუფურად) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ცნობისთვის, ვატო ყიფიანი, შოთა ყიფიანი და  ავთანდილ ბილანიშვილი სხვა პირებთან ერთად ბრალდებულები არიან ციხეში პატიმარ დავით ფექიარიშვილის ცემის საქმეზეც. 

  • 40 წლის პატიმრის საკანში ცემის ფაქტზე ბრალდება წარუდგინათ ასევე : ე.წ. კრიმინალურ ავტორიტეტებს: ვატო ყიფიანს, შოთა ყიფიანს, ავთანდილ ბილანიშვილს, პავლე გოცირიძესა და დავით კაჭარავას.

საბოლოდოდ, დღეს გამართული წინასასამართლო სხდომა რესტორანში მომხდარი ჩხუბის საქმეზე ისე დასრულდა, რომ არც "კაწროს" და არც ვატო ყიფიანს საკანში დავით ფეიქრიშვილზე ორგანიზებული თავდასხმის შესახებ არაფერი უთქვამთ.