ახალი დეტალები ფულის გათეთრების საქმეში - "გამოძიება ერთი წელია, მიმდინარეობს, კოტორაშვილის მიმართ კითხვები შარშან ოქტომბერში გაჩნდა"

17.09.25 20:08
ახალი დეტალები ფულის გათეთრების საქმეში - "გამოძიება ერთი წელია, მიმდინარეობს, კოტორაშვილის მიმართ კითხვები შარშან ოქტომბერში გაჩნდა"

ფულის გათეთრების ბრალდებით დაკავებულ კახა კოტორაშვილის ადვოკატის, ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება ერთი წელია, მიმდინარეობს. 

როგორც ედიშერ ქარჩავამ განაცხადა, მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირის მიმართ კითხვები შარშან ოქტომბერში გაჩნდა. მიუხედავად ამისა, ქარჩავას თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს გაქცევა არ უცდია და გამოძიებასთან თანამშრომლობს.

მოლოდინი იმისა, რომ აღკვეთი ღონისძიების სახით გირაო იქნებოდა გამოყენებული იქედან გამომდინარე, რომ საქმე როგორც ფაქტობრივად, ისე სამართლებრივად არის ძალიან საინტერესო და მოცულობითი. ეს არ არის უბრალო რიგითი საქმე, ვინაიდან აქ ბევრ სამართლებრივ კაზუსთანაც გვაქვს საქმე.

რა თქმა უნდა, ბევრი კითხვაა დაგროვილი, პასუხი უნდა გაეცეს სამართლებრივად, რომ მისი ქმედება, რაც ბრალად აქვს შერაცხული ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს, უნდა შეესაბამებოდეს იმ კონკრეტულ მტკიცებულებებს, რაც საქმეზეა მოპოვებული. ამიტომ, თუ შეუსაბამოა ბრალი მტკიცებულებებთან, უნდა მოხდეს ამისი შესაბამისი დასაბუთება.

გენერალურ პროკურატურაში მუშაობენ პროფესიონალები და რა თქმა უნდა, მტკიცებულებებს გავივლით, ჩვენ ჩვენს პოზიციას დავასაბუთებთ, რომ მსგავსი პრობლემა, რომელიც მართლაც მასშტაბურია, საინტერესო და დიდი, უნდა დარეგულირდეს სხვა სამართლებრივი გზით," - განაცხადა ფულის გათეთრების საქმეზე დაკავებულის ადვოკატმა, ედიშერ ქარჩავამ პროცესის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან.

665 მილიონი აშშ დოლარის გათეთრების საქმეზე ახალი დეტალები დღეს სასამართლო პროცესზე გახდა ცნობილი.

როგორც სასამართლოზე პროკურორმა ზინიკო ქობალიამ განაცხადა, საქმე უკავშირდება აზერბაიჯანიდან რუსული ვალუტის უკანონოდ შემოტანასა და დოლარში კონვერტაციას.

ბრალდების მხარის მტკიცებით, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა აზერბაიჯანიდან უკანონოდ შემოტანილი 59 მილიარდი რუსული რუბლის კონვერტაციის შედეგად მიიღეს 624 მილიონი დოლარი და 35 მილიონი ევრო.

პროცესის დასრულების შემდეგ მედიამ პროკურორს ჰკითხა, ეხმარებოდა თუ არა ბრალდებულს აზერბაიჯანის მოქალაქე თანხის შემოტანაში და უკანონო რეალიზებაში, პროკურორმა უპასუხა, რომ თანხები მეზობელი ქვეყნიდან საბაჟო პროცედურების გვერდის ავლით შემოჰქონდათ, ხოლო ბანკებში მათ წარმომავლობაზე ყალბ ინფორმაციას უთითებდნენ.

მისი თქმით, საქმე უპრეცედენტოდ დიდი ოდენობის ფულის გათეთრებას ეხება. ანალოგიურ ფაქტზე წარსულში უკვე გასამართლებულია შვიდამდე პირი.

ჩატარებული გამოძიების დადგინდა, რომ ბრალდებული მონაწილეობდა ფულის გათეთრების სქემაში, რომლის ფარგლებში გათეთრებული თანხის ოდენობა წარმოადგენს 625 მილიონ აშშ დოლარსა და 35 მილიონ ევროს. გამოძიებით ასევე დადგენილია დანაშაულებრივი სქემა, რომლის ფარგლებშიც მოქმედებდა ბრალდებული. ბრალდებული მის საკუთრებაში არსებულ ვალუტის გადამცვლელ პუნქტს იყენებდა, როგორც კრიმინალურ ინფრასტრუქტურას, სადაც ხდებოდა დაუსაბუთებელი თანხების თავმოყრა. აღნიშნული თანხები თავის მხრივ, დანაშაულებრივი სქემის მიხედვით, პირველ ეტაპზე მოსაზღვრე ქვეყნიდან შემოტანილი იყო საბაჟო პროცედურების გვერდის ავლით, ავტომანქანებში მოწყობილი სპეციალური სამალავების გამოყენებით. შემდგომ ეტაპზე, ხდებოდა აღნიშნული თანხის კომერციულ ბანკებში მიტანა, სადაც დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები, მათ შორის, ბრალდებული უთითებდა ყალბ ინფორმაციას თანხის წარმომავლობის შესახებ...

უპრეცედენტოდ დიდი ოდენობის ფულის გათეთრებასთან გვაქვს საქმე. მოცემულ საქმეზე მსგავს საქმეზე წარსულში ნასამართლევია სხვა პირებიც. ანალოგიურ ფაქტზე გასამართლებულია შვიდამდე პირი. რაც შეეხება სხვა დეტალებს, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე შეზღუდული ვარ ვისაუბრო დამატებით დეტალებზე.

ეროვნულ ბანკთან შემიძლია ვთქვა, რომ თანამშრომლობდა გამოძიების პროცესში და მათ მიერ მოწოდებულ იქნა გამოძიებისთვის მოთხოვნილი ინფორმაცია“,- განაცხადა პროკურორმა.

ამასთან, პროკურატურა ჯგუფურ დანაშაულზე საუბრობს და ასახელებს საქმის კიდევ ერთ ფიგურანტს  ელდარ ჰუსეინოვს, თუმცა უცნობია, დაკავებულია თუ არა ეს პირი. 

მსგავსი სიახლეები