კაცი, რომელმაც ყოფილი ცოლი აწამა, "პირველების" ინფორმაციით, კასპის მერიის თანამშრომელია
კაცი, რომელმაც ყოფილი ცოლი აწამა, "პირველების" ინფორმაციით, კასპის მუნიციპალიტეტის მერიის ერთ-ერთი აიპის თანამშრომელია - ახლა ზურაბ ბურდულს პოლიცია მთელი ქვეყნის მასშტაბით ეძებს.
საგამოძიებო მოქმედებები ტარდება იმ სახლშიც, სადაც ყოფილმა ქმარმა ყოფილ ცოლს ჯერ მჟავა შეასხა, ამის მერე ზურგის არეში ბასრი საგნით ჭრილობები მიაყენა, შემდეგ ბენზინი გადაასხა და ცეცხლი წაუკიდა, რის შემდეგაც ადგილიდან მიიმალა.
ქმრის მიერ ნაწამები ქალის გადარჩენას ამ წუთებში ხეჩინაშვილის დამწვრობის ცენტრში ცდილობენ, როგორ კლინიკის ხელმძღვანელი, გუგა ქაშიბაძე "პირველებთან" ამბობს, ქალის მდგომარეობა მძიმეა. ის მართვით სუნთქვაზე იმყოფება და რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.
ცნობისთვის საზარელი შემთხვევა კასპში დღეს დილით მოხდა - კაცმა, რომელსაც შემაკავებელი ორდერი ჰქონდა გამოწერილი, ყოფილ ცოლზე სასტიკი ანგარიშსწორება განახორციელა და ადგილიდან მიიმალა.
შსს გამოძიებას 116-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით აწარმოებს, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.