ჯანგველაძის საქმეზე ბრალდებულმა გიორგი მიქაძემ სასამართლო პროცესზე ზეწოლის შესახებ ილაპარაკა

06.05.26 15:11
ჯანგველაძის საქმეზე ბრალდებულმა გიორგი მიქაძემ სასამართლო პროცესზე ზეწოლის შესახებ ილაპარაკა

უნდა ვილაპარაკო, რაც სიმართლეა - ამ სიტყვებით დაიწყო ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის შეკვეთითა და ანგარებით მკვლელობის ორგანიზებაში ბრალდებულმა გიორგი მიქაძემ საბოლოო სიტყვა. 

დაკავებული მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილს უმტკიცებდა, რომ მის წინააღმდეგ საქმე "წინასწარ დაანონსებული ბრალდების ქრონიკაა".

ბრალდებული ბიზნესმენის თქმით, დაკავებამდე მისი დისკრედიტაცია მედიის საშუალებით სცადეს. ამასთან, გიორგი მიქაძის განცხადებით, წლებია მას ოთარ-რომანოვ ფარცხალაძე თვალით არ უნახავს, როგორც ამას ბრალდების მხარე ე.წ. ქოლ-ცენტრების ეპიზოდზე ამტკიცებს. 

რაც შეეხება ლევან ჯანგველაძის მკვლელობას, გიორგი მიქაძის განცხადებით, "რაც გარეთ ხდება, ეს მისი შეურაცხყოფა არაა, ეს გარდაცვლილის შეურაცხყოფაა".

არ არის ადვილი ჩემთვის აქ საუბარი, რა როლშიც ვარ არასახარბიელოა, მაგრამ უნდა ვილაპარაკო, რაც სიმართლეა.

პირველ რიგში მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს უფლებადამცველებს. მადლიერება მინდა გამოვხატო მოსამართლის მიმართ თქვენ მიერ შენარჩუნებული სამაგალითო წესრიგისთვის.

ბატონ პროკურორს მადლობა, რომ შეძლო, სხვადასხვა მხარეს დგომის მიუხედავად ღირსეულად მოვსულიყავით აქამდე.

ეს დღეები ვფიქრობდი და გადავწყვიტე ჩამომეწერა ყველაფერი, რაც ამ საქმეს უკავშირდებოდა. დიდი ხანი დამჭირდა, ჩარჩოებში მომექცია ყველაფერი.

ფაზლის აწყობას ჰგავს ეს ყველაფერი. ბევრი ფაზლია თითქოს ერთმანეთში არეული და უნდა ავაწყო, რაც ძალიან რთულია.

ეს საქმე არის წინასწარ დაანონსებული ბრალდების ქრონიკა. ეს ამბავი როცა მოხდა, გარკვეული პერიოდის შემდეგ, მედიით დაიწყო მიზანმიმართული კამპანია ჩემ წინააღმდეგ, თავიდან არ ვაქცევდი ყურადღებას. ხან ვის მოჰქონდა ჭორი და ხან ვის.

ორი სხვადასხვა კაცი მოვიდა და მითხრა, უძილაურმა ჩვენება მისცა შენს წინააღმდეგო, მაგრამ მე იმდენად ვარ დარწმუნებული ჩემს სიმართლეში, რომ დრო რომ დააბრუნა, მაინც ასე მოვიქცეოდი.

ოჯახის ინტერესების დამცველზეც უნდა ვთქვაო, ის დაქირავებულია, მიაწოდეს ინფორმაცია და თავისი მოვალეობა შეასრულა. გააკეთა თავისი საქმე და აღარ აქტიურობს, საქმე გადააბარა პროკურორს.

ამას მოჰყვა ფეისბუქ პოსტი, რომელმაც თავისი საქმე გააკეთა და მერე ისიც გაქრა, აღარავინ აქცევს ყურადღებას. ამ პოსტის უკან ვინც იდგა, იქვე იყო გასაგები. მერე მე დამიჭირეს, ჩემს ძმას წაუყენეს ბრალი, დაიჭირეს მისი დაცვის წევრი და კიდევ ერთი წევრი გარემოცვის. ეს ყველაფერი კი ხდებოდა, მაგრამ ამას მაინც რაღაც აკლდა. აკლდა დამაჯერებლობა. ამ დამაჯერებლობისთვის შემოვიდა საქმეში პატაკები.

მერე მეორე უფლებადამცველი. ჯერ იმ კაცის მკვლელობაზე დაიწყეს ლაპარაკი, რომელთანაც ვმეგობრობდი. მერე ამ მეორე უფლებადამცველმა სანდრო წივწივაძეზე ზემოქმედება სცადა, თუმცა მერე აიცილა წივწივაძემ.

მერე გამოძიება დაიწყეს ჩემი ძმა თითქოს დაემუქრა ამ უფლებადამცველს, თუმცა აგერ ორი დღის წინ სასამართლოზე ჩვენება მისცა ამ ადვოკატმა, მუქარა არ ყოფილაო. ამას მოჰყვა მესამე საქმე, თითქოს ჩემმა ძმამ წლების წინ იარაღები აყიდინა მეგობრის დაცვას და მერე წაართვა.

ამ საქმეზე ადვოკატებმა ეს ჩემი ძმის მეგობარი გამოკითხეს და აღმოჩნდა, რომ ეს იარაღები მისი ნაყიდი იყო დაცვისთვის და ჩემი ძმა არაფერ შუაშია. ამას მოჰყვა კიდევ ერთი საქმე, დაგვაკავშირეს უდიდეს თაღლითობასთან. თაღლითები მძულს ამქვეყნად ყველაზე მეტად და სწორედ ამიტომ დამაკავშირეს იმასთან, რაც ასე მძულს.

2020 წელს, როცა პანდემია დაიწყო, წავედი კანადაში და ბევრი თვის მერე დავბრუნდი საქართველოში. თვეების მერე ძლივს ჩამოვედი, კარანტინში ვიყავი კიდევ ზემოდან და ესენი მიმტკიცებენ, რომ თურმე ქოლ-ცენტრების ოფისებში დავდიოდი. მთელი ეგ წლები ფარცხალაძე თვალით არ მინახავს.

აქ რომ უძილაური მოვიდა და თქვა, 17 თებერვალს პოლიცია შემოვიდა ციხეში და მიქაძეებს ხელი დაადე მაიძულებდნენო და არ გამოუვიდათ, ზუსტად მეორე დღეს წამიყენეს ბრალი თაღლითურ ქოლ-ცენტრზე. რატომ ზუსტად მეორე დღეს?! აქ მოსიარულე ჩემი გულშემატკვირებიდან მეხუთე კაცს იბარებენ საგამოძიებოში სხვადასხვა რამეზე.

არის ოჯახები, რომელსაც ეუბნებიან, რომ აქ არ იარონ საერთოდ. რაც გარეთ ხდება ეს კიდე ცალკე ამბავია. რაც გარეთ ხდება, ეს ჩემი შეურაცხყოფა არაა, ეს გარდაცვლილის შეურაცხყოფაა. ეს ბუნებრივად არ ხდება, ეს რომ ბუნებრივი პროცესი იყოს და ადამიანს ლინჩის წესით ასამართლებდნენ, მაგ კიდე გასაგებია, მაგრამ ეს მართული პროცესია, რაც გარეთ ხდება"- თქვა დაკავებულმა.

ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის შეკვეთითა და ანგარებით მკვლელობის ორგანიზებაში ბრალდებული ძმების, მიქაძეებისა და გიორგი ჯოხაძის საქმეზე განაჩენი სავარაუდოდ დღეს გამოცხადდება.

მიქაძის საბოლოო სიტყვის უფლებით სარგებლობის შემდეგ,  მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილი განაჩენის გამოსატანად სათათბიროდ გავა.

  • ცნობისთვის, ე.წ. კანონიერი ქურდის ძმა, ლევან ჯანგველაძე ჭავჭავაძის გამზირზე 14 მარტს ჩაცხრილეს. მომხდარზე პოლიციამ 17 მარტს გელა უძილაური დააკავა. მას სასამართლომ უვადო პატირმობა უკვე მიუსაჯა. 

ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე 12 აგვისტოს შსს-მ 3 პირი დააკავა - გიორგი მიქაძე, გიორგი კაჭკაჭიშვილი და მამუკა ბაღდავაძე. მათთან ერთად დაუსწრებლად წარეგინათ ბრალი დავით მიქაძეს და გიორგი ჯოხაძეს. ძმები მიქაძეები ოთარ ფარცხალაძის გარემოცვის წევრები არიან. ამავე საქმეზე ბრალდებულია თავად ოთარ რომანოვ ფარცხალაძე, რომელზეც ძებნაა გამოცხადებული. 

  • პროკურატურამ ძმებ მიქაძეებს და გიორგი ჯოხაძეს ბრალდება შეკვეთით და ანგარებით განზრახ მკვლელობის ორგანიზებისთვის წარუდგინა;
  • გიორგი კაჭკაჭიშვილს ბრალდება წარედგინა ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინაღმდეგოდ შეძენა, შენახვისთვის;
  • მამუკა ბაღდავაძეს ბრალდება წარედგინა სისხლის სამართლის კოდექსის 375-ე მუხლის მე-3 ნაწილით და 370-ე მუხლის მე-3 ნაწილით – განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვა და მართლმსაჯულებისათვის ხელის შეშლის მიზნით ცრუ ინფორმაციის მიწოდება.
  • უწყება ამბობს, რომ ბრალდებულ გ. ჯ.-ზე და დ. მ.-ზე გამოცხადდება ძებნა.

მსგავსი სიახლეები