ერთი გარდაცვლილი და ორი მძიმედ დაჭრილი - კრიმინალური გარჩევის ახალი დეტალები

15.06.26 20:03
ერთი გარდაცვლილი და ორი მძიმედ დაჭრილი - კრიმინალური გარჩევის ახალი დეტალები

კრიმინალური გარჩევა თბილისში მკვლელობით და ორი ადამიანის დაჭრით დასრულდა. ქურდიანის ქუჩაზე ცეცხლსასროლი იარაღიდან 6 გასროლის ხმა მეზობლებმა საღამოს დაახლოებით 8 საათზე გაიგეს. მალევე გაირკვა, 4 ნომერში მდებარე კორპუსში, საქმის გარჩევას 10 ადამიანი ესწრებოდა. არსებული ინფორმაციით, 35 წლის კაცი ჯერ საკუთარ საცხოვრებელ ბინაში ჩაცხრილეს, შემდეგ კი აივნიდან გადმოაგდეს.

მთელი ღამე ქურდიანის ქუჩა გადაკეტილი იყო - ნიკოლოზ ქარელაშვილი ადგილზევე, ექიმების მისვლამდე გარდაიცვალა. ერთ-ერთი ვერსით ბინიდან, სისხლიანი ანგარიშსწორების შემდეგ გამოქცეულებს, იქვე ავტომობილი ელოდებოდა, რომლის საშუალებითაც ქურდიანის ქუჩა პოლიციის მისვლამდე დატოვეს. ბინა, საიდანაც დაჭრილი კაცი გადმოვარდა ამ დრომდე დალუქულია. კლინიკაში აგრძელებს მკურნალობას ქარელაშვილის ერთ-ერთი მეგობარი, რომელიც დაპირისპირების დროს მძიმედ დაიჭრა და კლინიკაში გარჩევის მონაწილე პირებმა გადაიყვანეს.

სისხლიან ანგარიშსწორებას წინ სავარაუდოდ ე.წ ქურდული გარჩევა უძღოდა. "პირველებისთვის" ცნობილი ხდება, რომ დაპირისპირების ერთ-ერთი მონაწილე, რომელიც ახლა კლინიკაში მძიმე დაზიანებებით არის მოთავსებული, შეხვედრაზე დაცვასთან ერთად მივიდა.

ქურდიანის ქუჩაზე მომხდარ დაპირისპირებას შინაგან საქმეთა სამინისტრო ორი მუხლით იძიებს. იარაღის უკანონო შეძენა შენახვა ტარება და ორი ან მეტი პირის მკვლელობის მცდელობა. 

დეტალები ნახეთ ლიზა ლასარეიშვილის რეპორტაჟში

მსგავსი სიახლეები