სპეცოპერაცია ვალენსიაში - დააკავეს ქართული ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები
სპეცოპერაცია ვალენსიაში - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ქართველმა და ესპანელმა სამართალდამცველებმა საქართველოს სამი მოქალაქე დააკავეს, ხოლო მეოთხე წევრის დაკავების მიზნით საპოლიციო ღონისძიებები აქტიურად გრძელდება.
შსს-ს ცნობით დაკავებულები ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები არიან.
უწყების ინფორმაციით, აღნიშნულ სპეცოპერაციაში ესპანელ კოლეგებთან ერთად საქართველოს პოლიციის ატაშე მონაწილეობდა.
დაკავებულებს ბრალად ედებათ ბინის ქურდობა, ფულის გათეთრება და ორგანიზებული კრიმინალური ჯგუფის წევრობა.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები ესპანეთის ტერიტორიაზე სისტემატურად ქურდავდნენ საცხოვრებელ ბინებს. წინასწარ შემუშავებული გეგმის მიხედვით, ისინი არჩევდნენ ისეთ სახლებს, სადაც მეპატრონეები არ იმყოფებოდნენ, სპეციალური ხელსაწყოების გამოყენებით უკანონოდ შედიოდნენ და ეუფლებოდნენ ძვირადღირებულ ნივთებსა და თანხას.
სამართალდამცველების მიერ დაკავებულების პირადი, ავტომობილებისა და დროებითი საცხოვრებლების ჩხრეკის შედეგად ამოღებულია ნაქურდალი ნივთები, დიდი ოდენობით ფული და დანაშაულის ჩასადენად საჭირო სპეციალური ხელსაწყოები.
დაკავებულების მიმართ კანონით განსაზღვრული შესაბამისი სამართლებრივი ღონისძიებები ტარდება"- წერს შსს.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, საერთაშორისო ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ეფექტიანი ბრძოლის მიზნით, ევროპის ქვეყნებში წარგზავნილი პოლიციის ატაშეების მეშვეობით, აქტიურად განაგრძობს თანამშრომლობას ევროკავშირის წევრი ქვეყნების სამართალდამცავ უწყებებთან, ინტერპოლსა და ევროპოლთან.