მოჩვენებითი ბრძოლა ქოლ- ცენტრებთან? - თაღლითური ჯგუფი, რომლის წინააღმდეგაც პროკურატურას გამოძიება აქვს დაწყებული, ისევ ფუნქციონირებს

04.08.26 20:37
მოჩვენებითი ბრძოლა ქოლ- ცენტრებთან? - თაღლითური ჯგუფი, რომლის წინააღმდეგაც პროკურატურას გამოძიება აქვს დაწყებული, ისევ ფუნქციონირებს

ოფისი, სადაც A.K. ჯგუფი მუშაობდა, ახლა ცარიელია და ქირავდება. მას შემდეგ რაც გამომძიებელმა ჟურნალისტებმა ქოლ-ცენტრის ახალი მისამართი გაშიფრეს, სკამერები აქ აღარ იკრიბებიან. "სტუდია მონიტორის" გამოძიება აჩვენებს, როგორ გააგრძელეს საქმიანობა იმ თაღლითური ჯგუფის წევრებმა, ვის წინააღმდეგაც პროკურატურას გამოძიება აქვს დაწყებული. მირიან მეფის 68 ნომერში ჟურნალისტები უკვე რამდენიმე თვეა აგროვებენ ინფორმაციას.

გამომძიებელი ჟურნალისტების მიერ მოპოვებული მასალებით, A.K. ჯგუფმა, თბილისში განთავსებული ოფისებიდან,  2022-25 წლებში მინიმუმ 6 ათასი ადამიანი გაძარცვა და ევროპელ და კანადელ პენსიონერებს 35 მლნ დოლარი მოპარა. ერთ-ერთი ოფისი სუს-დან 500 მეტრში მუშაობდა,  მას შემდეგ რაც გამომძიებელმა ჟურნალისტებმა სქემა გაშიფრეს, ეს ოფისი დაიხურა, პროკურატურამ გამოძიება დაიწყო და თაღლითებს ქონება დაუყადაღა. მაგრამ რა შეიცვალა?! 1 წლის შემდეგ თაღლითები სხვა მისამართზე იკრიბებიან.

თაღლითები, რომლებიც სავარაუდოდ ისევ აგრძელებენ ევროპელი პენსიონერების ძარცვას, გამომძიებელი ჟურნალისტების კითხვებს გაურბიან. ეი ქეი ჯგუფის ხელმძღვანელად აკაკი ქევხიშვილი ითვლება, მისი ქონება დედაზეა გაფორმებული, მას შემდეგ რაც პროკურატურამ გამოძიება დაიწყო ავტომობილი უკეთესით შეცვალა და დაცვა გააძლიერა. ფუფუნებაში აგრძელებენ ცხოვრებას სხვებიც.   ეს არის დასტური გამომძიებელი ჟურნალისტებისთვის, რომ გამოძიება არაეფექტურია.

ლიკა ჯანყარაშვილის რეპორტაჟი