ბათუმში 31 წლის კაცის დაჭრის საქმეზე ძებნილი პირი დააკავეს

05.08.26 11:52
ბათუმში 31 წლის კაცის დაჭრის საქმეზე ძებნილი პირი დააკავეს

ბათუმში მომხდარ სისხლიან ანგარიშსწორებასთან დაკავშირებით, რომლის დროსაც 31 წლის კაცი დაიჭრა, ახალი დეტალები ხდება ცნობილი - შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჯგუფურად, დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღდმეგო შეძენა-შენახვა-ტარებისთვის ძებნილი პირი დააკავა.

"გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 22 ივლისს, აღნიშნულმა პირმა ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლით დაზიანებები მიაყენა ახალგაზრდა მამაკაცს და შემთხვევის ადგილიდან თანამზრახველთან ერთად მიიმალა.

სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულის ჩამდენი პირების ვინაობა მალევე დაადგინეს, ერთ-ერთი მათგანი 29 ივლისს რუსთავში დააკავეს, ხოლო მეორე ბრალდებული 5 აგვისტოს სამცხეთ-ჯავახეთის რეგიონში დააკავეს." - ნათქვამია უწყების განცხადებაში.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

წინა კვირას დააკავეს საქმის ფიგურანტი კიდევ ერთი პირი, რომელიც არასრულწლოვანია. 

დაჭრილი მამაკაცი ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტალში გადაიყვანეს. 23 ივლისს ექიმმა განაცხადა, რომ პაციენტი ფილტვების ხელოვნურ ვენტილაციაზე იმყოფება.

მსგავსი სიახლეები