"პირველების" ინფორმაციით, დააკავეს კაცი, ვინც ინგირში 24 წლის ბიჭი დაჭრა

05.10.26 11:29
"პირველების" ინფორმაციით, დააკავეს კაცი, ვინც ინგირში 24 წლის ბიჭი დაჭრა

"პირველების" ინფორმაციით, 13 სექტემბერს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტ სოფელ ინგირში მომხარ სისხლიან დაპირისპირებასთან დაკავშირებით, მიმალვაში მყოფი ელგუჯა ძაძუა დააკავეს.

როგორც "პირველებისთვის" გახდა ცნობილი, ძაძუა დროებითი ოკუპირებული აფხაზეთის მკვიდრია და ინციდენტის დღეს სტუმრად იმყოფებოდა სოფელ ინგირში, რა დროსაც ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, თანატოლს 24 წლის მათე ბერიშვილს გულ-მკერდის არეში რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. ახალგაზრდა მამაკაცს ქირურგიული ჩარევა დასჭირდა.

ელგუჯა ძაძუა, მამაკაცის დაჭრის შემდგომ ადგილიდან მიიმალა და შინაგან საქმეთა სამინისტრო, მას ამ დროის განმავლობაში მთელი ქვეყნის მასშტაბით ეძებდა.

განახლება: განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის ძებნილის დაკავება შსს-მ ოფიციალურად დაადასტურა:

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ზუგდიდის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული საპოლიციო ღონისძიებების შედეგად, განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის ძებნილი, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი პირი დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 13 სექტემბერს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ინგირში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ბრალდებულმა  მოქალაქე ცივი იარაღის გამოყენებით დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

დაშავებული კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც  შესაბამისი სამედიცინო დახმარება ჩაუტარდა.

სამართალდამცველებმა დანაშაულში ბრალდებული პირის ვინაობა, ცხელ კვალზე დაადგინეს და მასზე ძებნა გამოცხადდა. ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პოლიციამ ძებნილი პირი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში დააკავა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს"- წერს შსს. 

მსგავსი სიახლეები