"სახეში რამდენჯერმე შემოვულაწუნე, გააკანკალა“ - რა თქვა პროცესზე მწვანილის საჭრელი დაფით მოკლული 22 წლის ბიჭის საქმეში ბრალდებულმა
22 წლის თამაზ მთივლიშვილის მკვლელობაში ბრალდებულმა გიორგი პაპაშვილმა სასამართლოში დეტალურად აღწერა, თუ როგორ ჩაიდინა მკვლელობა.
"ინტერპრესნიუსის" ინფორმაციით, გიორგი პაპაშვილი ჩვენებაში ჰყვება, რომ ის თამაზ მთივლიშვილთან და მასთან ერთად მომუშავე დანარჩენ მსჯავრდებულებთან მეგობრობდა. ბრალდებულის თქმით, მსჯავრდებულები და მთივლიშვილი ორბელიანის მოედანზე მდებარე საშაურმეში გაიცნო.
მისი ჩვენების მიხედვით, მსჯავრდებულები საბა რობაქიძე და ვერიკო კაპანაძე შეყვარებულები იყვნენ. მას რობაქიძემ უთხრა, რომ ნასვამ მდგომარეობაში მყოფ თაზო მთივლიშვილს მის შეყვარებულთან "ზედმეტი მოუვიდა".
პაპაშვილის თქმით, მან მთივლიშვილისგან რამდენჯერმე მოითხოვა ბოდიშის მოხდა, რის შემდეგაც, მან სამზარეულოს დაფა ჩაარტყა, ბოდიშის არმოხდის შემდეგ კი, მას კიდევ დაარტყა ამჯერად ფეხი, რის შემდეგაც მთივლიშვილი წაიქცა და გონება დაკარგა.
ბრალდებულის ჩვენების მიხედვით, აღნიშნულის შემდეგ, ის საბა რობაქიძესთან ერთად მთივლიშვილის მოსულიერებას ცდილობდა, თუმცა, ის გარდაიცვალა.
“17 თებერვალს, ორთაჭალაში დაბადების დღეს აღვნიშნავდით. მე, ვერიკო კაპანაძე, ლუკა გვენეტაძე, საბა რობაქიძე, ბაირამ ალი გუსეინოვი ვიყავით... თანხის რაღაც ნაწილი დაგვაკლდა და საბა რობაქიძე გავგზავნე სახლში და მოგვიტანა.
მერე სახლში მივედით, ცოტა დავლიეთ, კანაფი მოვწიეთ, კონფლიქტი არ ყოფილა.
18 თებერვალს დილით, ყავა დავლიეთ, ცოტა ლუდიც. შუადღისთვის გავედი, საათი არ მახსოვს, ორბელიანზე წავედი საბა რობაქიძესთან ერთად, მერე ფონიჭალაში წავედით, ისევ ორბელიანზე და შემდეგ სახლში.
მერე წავედით დოლაბაურზე, ნაბახუსევზე რომ გამოდიან, ე.წ. სახაშეა. მე, საბა, თაზო და გუსეინოვი. შევუკვეთეთ, ცოტა დავლიეთ, შემდეგ თაზოსთან მომივიდა კონფლიქტი. ვიდრე დოლაბაურში მივიდოდით, საბა რობაქიძემ მითხრა, რომ “ზედმეტი მოუვიდა", ნასვამ მდგომარეობაში რომ იყო, ვერიკო კაპანაძეს ხელი ჩაუყოო... საბამ მითხრა, უნდა “გავლახოო”. მერე დავილაპარაკოთ-მეთქი და ერთად დაველაპარაკოთო.
სუფრაზე რომ ვიყავით, გუსეინოვი და საბა გადიან საპირფარეშოში. თაზო და მე დავრჩით მარტო და ვკითხე, ვერიკოსთან რა მოუვიდა, შეურაცხმყოფელი სიტყვები თქვა ვერიკოზეც და საბაზეც, კერძოდ, დედაზე შეიგინა. სახეში ხელი შემოვარტყი. ისევ ვუთხარი, საბა აპირებს ლაპარაკს და ბოდიში მოიხადე-მეთქი. არ მოვიხდი ბოდიშს, ასე არ ყოფილაო, იუარა... კიდევ შეიგინა, კიდევ შევეხე ხელით. ვუთხარი, ჯობდა ბოდიში მოეხადა და ამით დამთავრდებოდა, რადგან უკვე შეგეხე ხელით-მეთქი...
დოლაბაურიდან ტაქსით წავედით სახლში, გაბრაზებული და განაწყენებული სახე ჰქონდა.
სახლში დაგვხვდა ვერიკო, თაზო და მარიამი... ცოტა კიდევ ლუდი დავლიეთ....ფონიჭალაში ნარკოტიკი შევიძინე და უკან დავბრუნდი... შეუძლოდ გავხდი, წამოვწექი, რომ გავიღვიძე, საღამო იყო...
ისევ დავიწყეთ საუბარი, თაზომ ისევ იუარა, ბოდიშის მოხდას ვითხოვდი, უარზე იყო, ისევ ხელით შევეხე, “საშენოდ ვიძახი და მორჩება-მეთქი”. ვიჯექით, როცა ხელით შევეხე, სახის მიდამოში ხელი შემოვარტყი, სავარაუდოდ, გაწევა უნდოდა, რა გინდოდა, ბოდიშის მოხდის ნაცვლად, დაფა გინდოდა-აგეღომეთქი? რა ბოდიშიო და ვარტყამ ამ დაფას, დაფა იყო ნახევარი თავიდანვე, ბზარიც ჰქონდა, დაფა დარტყმის შედეგად დაიშალა... ბოდიშს არ იხდიდა, “ვირზე შეჯდა”. ხელში დამრჩა პატარა ნაჭერი და ეგეც დავაგდე. ადექი, ბიჭო და “დაახვიე” სახლიდან-მეთქი...
მოხრილ მდგომარეობაში გამოვწიე, ფეხი წავარტყი და წაიქცა, რომ გავხედე, რეაქცია არ ჰქონდა.
საბა რობაქიძეს ვეუბნებოდი, იქაც გავლახე, აქაც, საკმარისია, აღარაა საჭირო შენც დაარტყა-მეთქი.
დავიკუზე, ვეძახდი და ხმა არ გამცა, შევანჯღრიე, რეაქცია არ ჰქონდა, გათიშული იყო. დავხედე, 2-3-ჯერ სახეში შემოვულაწუნე გამოფხიზლების მიზნით და ცემის მიზნით აღარ, რეაქცია არ ჰქონდა. ვიდრე მე და საბა რობაქიძე ავწევდით და დივანზე გადავიყვანდით, გააკანკალა. სახეში რამდენჯერმე შემოვულაწუნე - თაზო, თაზო-მეთქი, ეპილეფსია დაეწყო, კოვზით კბილები გავუხსენით, ენა გადაყლაპული ხომ არ ჰქონდა. არტერიაზე ხელი დავადე, გულზეც ხელი დავადე და გარდაიცვალა, არანაირი ნიშანწყალი არ ჰქონდა... რამდენჯერმე დავაწექი ხელით, გულზე ხელს ვადებ, პულსს ვუსინჯავ, არც ყელზე პულსი, არც ხელზე პულსი, არც გულისცემა, ვამბობდი, მოკვდა კაცი-მეთქი!
აბაზანაშიც დავაწვინეთ, ვამბობდი, რომ აზრი აღარ ჰქონდა, აღარ სუნთქავს-მეთქი”, - განაცხადა პაპაშვილმა.
მისი ჩვენების მიცემა მომდევნო სხდომაზე გაგრძელდება.
გამოძიების ვერსიით, ახალგაზრდა, რომელიც ერთ-ერთი საშაურმის თანამშრომელი იყო, ჯერ ჯგუფურად აწამეს, შემდეგ კი მოკლეს. ცხედარი ბინაში ჩაკეტეს, თავად კი შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.
საქმის მასალების მიხედვით, დანაშაულის ერთ-ერთ მოტივად თბილისის საშაურმეებიდან ე.წ. „საერთოს“ შეგროვება სახელდება. თანამშრომლებს აიძულებდნენ, შემოსავლის ნაწილი ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტებისთვის გადაეხადათ. გამოძიების ვერსიით, თამაზ მთივლიშვილი სწორედ ამ ჯგუფს დაუპირისპირდა.
საქმეზე ბრალდებული ერთ-ერთი პირი დანაშაულის შემდეგ საქართველოდან რუსეთში გაიქცა. მოგვიანებით ის დააკავეს და საქართველოში ჩამოიყვანეს. ახლა ბრალდებული განსასჯელის სკამზეა და მის საქმეს თბილისის საქალაქო სასამართლო განიხილავს.