ვალტერ როგავასთან ერთად დააკავეს მისი 4 ნათესავიც, რომლებიც გამოძიების ცნობით, ძებნილს მიმალვაში ეხმარებოდნენ
შინაგან საქმეთა სამინისტრო ვალტერ როგავას დაკავებას ოფიციალურად ადასტურებს - მასთან ერთად დაკავებულია 4 ადამიანი, რომლებსაც დანაშაულის დაფარვას ედავებიან.
„გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 14 ოქტომბერს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ალერტკარში, ბრალდებულმა მეზობლად მცხოვრები მამა-შვილი დაჭრა, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
გამოძიების ფარგლებში, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვის ბრალდებით, სამართალდამცველებმა სხვადასხვა დროს, ძებნილი პირის ოთხი ნათესავიც დააკავეს. გამოძიებით დგინდება, რომ აღნიშნული პირები ბრალდებულს მიმალვაში ხელს უწყობდნენ.
გარდა ამისა, დაკავებულ პირს, ამჟამად პატიმრობაში მყოფ ძმასთან ერთად, 2024 წელს სამეგრელოს რეგიონში დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის დაუსწრებლად აქვს მისჯილი 18 წლით თავისუფლების აღკვეთა.
დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობისა და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე და 375-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.