ფულის ამოღება სიცოცხლის მოსპობის მუქარით - ე.წ. „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 4 პირი დააკავეს

11.11.26 11:30
ფულის ამოღება სიცოცხლის მოსპობის მუქარით - ე.წ. „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 4 პირი დააკავეს

„ქურდული სამყაროს“ წევრობისა და „ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვის ბრალდებით, იმერეთის რეგიონში 4 პირი დააკავეს - ინფორმაციას შსს ავრცელებს. 

განცხადებაში აღნიშნულია,  რომ „ქურდული სამყაროს“ წევრობის ბრალდებით დაკავებულები, კრიმინალური ავტორიტეტის გამოყენებით, ორ მოქალაქეს შორის არსებული პირადი და ფინანსური დავის მოგვარებაში ჩაერთნენ და სადავო საკითხები ე.წ. „ქურდული ტრადიციების“ შესაბამისად, ერთ-ერთი მხარის სასარგებლოდ გადაწყვიტეს.

გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ბრალდებულები პირადი სარგებლის მიღების მიზნით, მოდავე მხარეებთან ერთად აწყობდნენ ე.წ. „ქურდულ გარჩევებს“ და ერთ-ერთი მხარის სასარგებლოდ იღებდნენ ე.წ. „ქურდულ გადაწყვეტილებებს“. დაკისრებული ვალდებულებების შეუსრულებლობის ან განსაზღვრული ვადის დარღვევის შემთხვევაში კი მოქალაქეებს ფიზიკური ანგარიშსწორებითა და სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდნენ.

პოლიციამ ჩატარებული ჩხრეკის შედეგად ნივთმტკიცებად ამოიღო ბრალდებულების მობილური ტელეფონები, რომელთა საშუალებითაც ისინი ერთმანეთს უკავშირდებოდნენ.

დაკავებულებს 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.