რა მოხდა რეალურად მრგვალ ბაღთან - ექსკლუზიური კადრები, ახალი ფიგურანტები და მომხდარის დეტალები
"შაბათის ეთერის" წყაროს ცნობით, მიმდინარე წლის 10 ნოემბერს თბილისში, მრგვალ ბაღში მომხდარი ჯგუფური თავდასხმა სავარაუდოდ 2 კვირით ადრე, ჩაქუჩებით მომხდარი ანგარიშსწორების გაგრძელებაა. TV პირველის გამომძიებელ ჟურნალისტთა ოფისმა მოიპოვა კადრები, სადაც თეთრ ავტომობილზე ახალგაზრდების ჯგუფური თავდასხმა ჩანს. კადრები ოქტომბრის ბოლოს, თბილისში მრგვალ ბაღთან არის გადაღებული.
ვიდეო-მასალის ფრაგმენტებით, რომელიც "შაბათის ეთერმა" მოიპოვა, კამერები აქ ორ ახალგაზრდას აფიქსირებენ, რომლებიც ავტომობილის მძღოლზე ფიზიკურ ანგარიშსწორებას ცდილობენ და მალევე ტერიტორიას სირბილით - ტოვებენ. თავდამსხმელები, რომლებიც მძღოლს ჯერ სავარაუდოდ, ჩასაფრებას უწყობენ, შემდეგ კი თავს ესხმიან „შაბათის ეთერის“ ინფორმაციით, მრგვალ ბაღთან რამდენიმე დღის წინ დაჭრილი "ქართული ოცნების" აქტივისტი დაჩი ტვილდიანი და რამაზიკო ხეცურიანი არიან. თავდასხმის სამიზნე "შაბათის ეთერის" ინფორმაციით, გიორგი ჩარკვიანი გახდა, რომელიც არსებული ინფორმაციით, ციხიდან პრეზიდენტის შეწყალებით გათავისუფლებული გიორგი კაჭკაჭაშვილის ახლო გარემოცვის წევრია.
- წყაროს ცნობით, ერთ-ერთი ვერსიით, სწორედ ეს ამბავი გახდა ორ დაჯგუფებას შორის მრგვალ ბაღთან 10 ნოემბერს მომხდარი სისხლიანი გარჩევის ერთ -ერთი წინაპირობა, რის გამოც საბოლოოდ ციხეში 7 პირი გაუშვეს.
"შაბათის ეთერის" ინფორმაციით, ყველა მათგანი ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტის გიორგი კაჭკაჭაშვილის ახლო გარემოცვის წევრია. ადგილობრივები ამბობენ, რომ ოქტომბრის ბოლოს მომხდარი დაპირისპირების შესახებ პოლიციელებმაც იცოდნენ, რადგან ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა.
ოქტომბრის ბოლოს მრგვალ ბაღთან მომხდარ დაპირისპირებაში რამაზიკო ხეცურიანის მონაწილეობას მისი ოჯახი კატეგორიულად გამორიცხავს. მათივე მტკიცებით, ახალგაზრდა ბიჭი საქართველოში აგვისტოს შემდეგ არ ყოფილა, თუმცა "შაბათის ეთერის" ინფორმაციით, ხეცურიანმა ქვეყნა თავდასხმიდან რამდენიმე დღეში - 30 ოქტომბერს თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გავლით დატოვა.
რაც შეეხება 10 ნოემბერს მომხდარ დაპირისპირებას - მაშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჩხუბის დროს დაშავდა დაჩი ტვილდიანი, მას "შაბათის ეთერის" წყარო ვატო ყიფიანის ე.წ. ტიტუშკად მოიხსენიებს და ამბობს, რომ ოქტომბრის ბოლოს მომხდარი თავდასხმის საქმეზე ხელშეუხებლობის გარანტია მისცეს, თუმცა ერთი პირობით - მოეხდინა კიდევ ერთი კონფლიქტის პროვოცირება გიორგი კაჭკაჭაშვილთან და მის გარემოცვასთან.
"შაბათის ეთერს" წყარო უყვება, რომ სწორედ ამ მიზნით მივიდა ის 10 ნოემბერს მეგობრებთან ერთად კაჭკაჭაშვილის სახლთან მდებარე სასტუმრო "ბესტ ვესტერნათან", სადაც ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტი მის გარემოცვასთან ერთად ხშირად იმყოფება.
პრორუსული პარტია „ალტ-ინფოს“დამფუძნებელი კოკა მორგოშია, რომელის შვილიც ახლა ტვილდინის საქმეზე დაკავებულია ადასტურებს, რომ ციხიდან გამოსვლის შემდეგ კაჭკაჭაშვილი, რომელიც მისი შვილის ნათლიაა, ამ ტერიტორიაზე ხშირად არის.
იყო თუ არა დაპირისპირება წინასწარ პროვოცირებული და რეალური სამიზნე გიორგი კაჭკაჭაშვილი ამ კითხვას მორგოშია არ პასუხობს.
რა მოხდა 10 ნოემბერს?
"შაბათის ეთერის" მიერ მოპოვებული კადრებით დგინდება, რომ ავტომობილს, რომლითაც დაჩი ტვლდიანი 10 ნოემბერს სამ მეგობართან ერთად გადაადგილდება - კამერები მრგვალ ბაღთან, საღამოს 19:13 საათზე იმ სასტუმროს სიახლოვეს აფიქსირებენ, სადაც გიორგი კაჭკაჭიშვილი ხშირად იმყოფება.
"ჰიუნდაის" ჯიპი, რომელსაც მორაგბე მიხეილ შიოშვილი მართვას, აქ 4 წუთის განმავლობაში ჩერდება. ჩვენებაში მორაგბე ამბობს, რომ იქ ყვავილების საყიდლად მივიდნენ.
19 საათსა და 17 წუთზე "ჰიუნდაის" მარკის ავტომობილი მეორე ყვავილების მაღაზიასთან ჩერდება. რამდენიმე წამი ავტომობილი დგას, მალევე ტვილდიანის თანმხლები პირები გამოდიან. ერთ-ერთს ტელეფონზე ურეკავენ და რამდენიმე წამი საუბრობს. კადრში ჩანს ამირან ჯიქიაც, რომელსაც ყვავილები უკვე ნაყიდი აქვს და ავტომობილის სალონიდან საბარგულში გადააქვს. მალევე კი ჯიქია სასტუმრო "ბესთ ვესტერნისკენ" მიემართება. მას მიყვებიან მიხიეილ შიოშვილი და დავით ნიჟარაძეც.
ტვილდიანის საძმო ჩვენს მიერ მოპოვებული კამერების არეალიდან ქრებიან და სავარაუდოდ სწორედ ამ დროს ხვდებიან ისინი სასტუმრო "ბესტს ვესტერნში" მყოფ კაჭკაჭიშივლის სამეგობროს პირველად. მათ შორის არის ტატო მორგოშიაც, რომელიც მალევე კადრში ჩნდება და იმ ავტომობილთან მიდის, სადაც დაჩი ტვილდინი იმყოფება.
ტვილდიანი ავტომობილიდან არ გადმოდის - მორგოშია მის თანხმლებ პირებთან ერთად უკან სასტუმროსკენ ბრუნდება, რა დროსაც მორაგბე მიხეილ შიოშვილს, დავით ნიჟარაძეს და ამირან ჯიქიას ისევ ხვდება. რამდენიმე წამიანი საუბრის შემდეგ, მრგვალ ბაღთან ხელჩართული ჩხუბი იწყება, რომელშიც ერთვება ტვილდიანიც.