"ყველამ იცის ჩემი განვლილი ცხოვრება"- რა თქვა სასამართლოში პენსიონერის მკვლელობაში ბრალდებულმა
ვახტანგ ჩიქოვანის მკვლელობაში ბრალდებული გელა არობელიძე სასტიკი დანაშაულის მოტივზე დუმილის დარღვევას არ აპირებს - პოზიცია 60 წლის კაცმა საქალაქო სასამართლოში დააფიქსირა, სადაც მოსამართლე მისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე ამ წუთებში მსჯელობს.
როგორც ადგილიდან "პირველების" კორესპოდენტი იტყობინება, მძიმე დანაშაულში ბრალდებულმა თქვა, მხოლოდ ის, რომ "ყველამ იცის მისი განვლილი ცხოვრება".
ამის პარალელურად, ვრცელდება ცნობები, რომ არობელიძემ არც საგამოძიებო უწყებებს მისცა ჩვენება. ჩვენი ინფორმაციით, ამ დრომდე ამოღებული არ არის მკვლელობის იარაღი - [სავარაუდოდ დანა].
პროცესზე პროკურატურის მიერ დაყენებული შუამდგომლობიდან გაირკვა, რომ კაცი წარსულში არაერთხელ არის ნასმართლევი, ამიტომ ბრალდების მხარე მის საპატიმრო დაწესებულებაში გაშვებას ითხოვს. პროკურორი ამბობს, რომ არსებობს მტკიცებულებების განადგურების, მიმალვის და მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხე.
ამ სამართლებრივ ბრძოლაში ეხლა დღეს ვერავინ ვერ დარჩებით მოგებული და გამარჯვებული. ერთ მხარეს, ჩვენს მხარეს დგას მოკლული ვახტანგ ჩიქოვანი, რომელიც ცნობილია თავისი სამართლიანობით, თავისი პრინციპულობით, კაცთმოყვარეობით. მეორე მხარეს დგას ადამიანი, ჩემი კუთხის შვილი გურიიდან და მე ძალიან ვწუხვარ ამაზე. რაც შეეხება პროკურატურის პოზიციას, მსურს გითხრათ თვალნათლივ, ერთმნიშვნელოვნად - პროკურატურის პოზიცია არის აბსოლუტურად სამართლიანი და სწორი. გვაქვს გარკვეული შეკითხვები გარკვეულ სიღრმისეულ დეტალებთან დაკავშირებით, რომელზედაც გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ცხადია, ამ ფორმატში და დღეს ვერ ვისაუბრებთ, თუმცა საზოგადოება, ვფიქრობ, იხილავს საინტერესო სიახლეებს აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით"- განაცხადა მოკლული ვახტანგ ჩიქოვანის ახლობელმა, ირაკლი ღლონტმა.
მოკლულის ოჯახის ინტერესების დამცველი, ადვოკატი ლექსო სვიმონიშვილი "პირველებთან" აცხადებს, რომ ექსპერტიზის დასკვნა ამ ეტაპზე არ არსებობს, თუმცა მან ვახტანგ ჩიქოვანისთვის მიყენებული სასიკვდილო ჭრილობა თავად დაათვალიერა.
არსებობს ბევრი ვერსია და თითოეული ვერსია მოწმდება, ამიტომ თავს შევიკავებ რაიმე კონკრეტიკისაგან, ვინაიდან ხელი არ შეეშალოს გამოძიებას. ამ ორი ადამიანიდან ერთ-ერთი არის მოკლული, გარდაცვლილი, ამიტომ ძალიან რთულია ცალმხრივად მოსმენილ ინფორმაციაზე დაყრდნობა. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მიმდინარეობს გამოძიება, ცივი იარაღით მოხდა მკვლელობა. არ მინდა ვისაუბრო ბევრ დეტალებზე..."- თქვა იურისტმა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 18 ნოემბერს თბილისში, ნიკოლოზ ყიფშიძის ქუჩაზე მდებარე მიწისქვეშა ავტოსადგომზე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე წარმოშობილი დაპირისპირების დროს, ბრალდებულმა ცივი იარაღის გამოყენებით, განზრახ მოკვლის მიზნით, დაზარალებულს მრავლობითი დაზიანებები მიაყენა, რის შედეგადაც იგი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.