ლევიტი რუსული ტანკერის დაკავებაზე: არსებობს გემის ჩამორთმევის ორდერი - ეკიპაჟი სისხლისსამართლებრივი დევნის საგანი იქნება
თეთრი სახლის პრესსპიკერი ქეროლაინ ლევიტი ამერიკულის საზღვაო დესანტის მიერ ვენესუელასთან დაკავშირებული რუსული ნავთობმზიდი ტანკერის დაკავებას ეხმაურება და ამბობს, რომ არსებობს გემის ჩამორთმევის ორდერი, ეკიპაჟი კი სისხლისსამართლებრივი დევნის საგანი იქნება.
"საჭიროების შემთხვევაში, მათ გასამართლებისთვის შეერთებულ შტატებში გადმოიყვანენ" - განაცხადა ლევიტმა.
ჟურნალისტმა დღეს ლევიტს ჰკითხა: "აშშ-მა დააკავა კონკრეტულად ის ტანკერი, რომელზეც რუსეთი ითხოვდა, რომ არ დაეკავებინათ, აჩენს ეს ქმედება რუსეთთან უფრო დიდი კონფლიქტის რისკს?" - რაზეც თეთრი სახლის პრესსპიკერმა ასეთი პასუხი გასცა:
"...ეს ადმინისტრაცია აშშ-ის სანქციების პოლიტიკის სრულად აღსრულებას აპირებს. გემი დღეს დილით ჩრდილოეთ ატლანტიკაში აშშ-ის ფედერალური სასამართლოს მიერ გაცემული ორდერის შესაბამისად დააკავეს. ეს იყო ვენესუელის ჩრდილოვანი ფლოტის გემი, რომელსაც სანქცირებული ნავთობი გადაჰქონდ. აშშ და ამ ქვეყნის პრეზიდენტი კი ამას არ მოითმენს. არსებობს გემის ჩამორთმევის ორდერი, რაც ნიშნავს, რომ ეკიპაჟი სისხლისსამართლებრივი დევნის საგანი იქნება ფედერალური კანონის ნებისმიერი შესაბამისი დარღვევისთვის და საჭიროების შემთხვევაში, მათ გასამართლებისთვის შეერთებულ შტატებში გადმოიყვანენ" - ამბობს თეთრი სახლის პრესსპიკერი.
შეერთებულმა შტატებმა ვენესუელასთან დაკავშირებული რუსეთის დროშის ქვეშ მცურავი ნავთობტანკერი დააკავა. ოპერაცია მას შემდეგ განხორციელდა, რაც ტანკერმა, რომელიც თავდაპირველად Bella-1-ის სახელით იყო ცნობილი, აშშ-ის საზღვაო "ბლოკადა" სანქცირებული ტანკერებით გადალახა და აშშ-ის სანაპირო დაცვის მცდელობებს მასზე ასვლის თაობაზე უარი უთხრა.
X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში აშშ-ის სამხედრო ძალების ევროპულმა სარდლობამ განაცხადა, რომ ტრამპის ადმინისტრაციამ გემი აშშ-ის სანქციების დარღვევის გამო დააკავა.