ირანელი ხალხის ხმა - თბილისში, ირანის საელჩოსთან აქცია გაიმართება
აქცია ირანის საელჩოსთან - 18:00 საათზე, ჭავჭავაძის გამზირზე, საქართველოში მცხოვრები ირანის მოქალაქეების დემონსტრაციაა დაანონსებული.
სოლიდარობის აქციის მონაწილეები თბილისიდან იმ რეპრესიებს გააპროტესტებენ, რომელსაც აიათოლას რეჟიმი ირანელ ხალს უწყობს.
"TV პირველთან" საუბრისას საქართველოში მცხოვრები ირანის მოქალაქეები ამბობენ, რომ უკვე 100 საათზე მეტია ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან დაკავშირებას ვერ ახერხებენ.
ირანი არ არის უბრალოდ ერთ-ერთი ქვეყანა, ის თითქოს ცალკე პლანეტაა, ამიტომ ირანელებისთვის გარე სამყაროსთან წვდომა ძალიან რთულია. უეჭველად არსებობს შანსი, რომ ირანელმა ხალხმა ეს რეჟიმი დაამხოს და პირადად მე არასდროს მიგრძნია, რომ თავისუფლება ჩვენთვის ასე ახლოს ყოფილიყოს. აიათოლას რეჟიმი ამ მომენტში ძალიან სუსტია, მაგრამ ეს ავტომატურად არ ნიშნავს, რომ ირანელი ხალხი საკმარისად ძლიერია, რათა ამ ვითარებას დამოუკიდებლად გაუმკლავდეს. ამიტომ, რაც მსოფლიოსგან გვჭირდება არის ირანელი ხალხის გაძლიერება. რეჟიმი გააგრძელებს ირანელი ხალხის მკვლელობას მხოლოდ იმისთვის, რომ საკუთარი რეჟიმი შეინარჩუნოს და კიდევ გარკვეული დრო მოიგოს, იქნება ეს რამდენიმე თვე, კვირა, თუ წელიწადი.
ვფიქრობ, უკვე 100 საათზე მეტია, რაც რეჟიმმა ინტერნეტი გათიშა და მე შეტყობინებები გავუგზავნე მეგობრებს, მაგრამ მათგან პასუხი არ მიმიღია, შესაბამისად პრაქტიკულად არსად არანაირი ინფორმაცია არ მაქვს ჩემი მეგობრებისა და ნათესავების შესახებ და იმის შესახებ რა ხდება მათ თავს. არსებობს მძიმე ცნობები ადამიანების დახვრეტისა და სიკვდილით დასჯის შესახებ, ზოგიერთ შემთხვევაში ადამიანებს ფარულად კლავენ და შემდეგ აცხადებენ, თითქოს კონკრეტულმა პოლიტიკურმა ოპონენტმა თვითმკვლელობა ჩაიდინა, მაგრამ ეს ტყუილია. რეჟიმის შეჩერების ერთ-ერთი გზა არის საერთაშორისო საზოგადოების ზეწოლა. ეს რეჟიმი მოკლავს იმდენ ადამიანს, რამდენსაც შეძლებს," - ამბობს ირანის მოქალაქე.
ირანის მოქალაქეების სურვილია საქართველოსა და მსოფლიოს მათი ხმა გააგონონ.
ჩვენ ერთადერთი რაღაცა გვინდა, არის უფლისწული რეზა ფეჰლევი დაბრუნდეს ირანში. 100 საათზე მეტია, რომ ინტერნეტი არ არის საერთოდ ირანში და ინტერნეტის გათიშვა ნიშნავს რეპრესიას, ნიშნავს შიშს და ხალხი, არავინ არ იცის რა ხდება ირანში ახლა.
ჩვენ გვინდა, რომ საქართველო და მსოფლიო იყოს ჩვენი ხმა და ესმოდეს ჩვენი დარდი, ჩვენი ტკივილი...
სამშაბათიდან ვაფშე კონტაქტი არ მაქვს. ირანელებს მთელ მსოფლიოში, არავის კონტაქტი არ აქვს. ახლა ციხეც პრობლემა არ არის... პირდაპირ მოკლავენ.
ხუთშაბათს და პარასკევს მთავრობამ 12 000 ადამიანი მოკლა," - თქვა ერთ-ერთმა ირანის მოქალაქემ.
ცნობისთვის, ირანში დაღუპული მოქალაქეების რიცხვთან დაკავშირებით სხვადასხვა ინფორმაციები ვრცელდება:
- ნორვეგიაში დაფუძნებულმა ადამიანის უფლებათა დამცველმა ორგანიზაციამ, "ირანის ადამიანის უფლებებმა" (IHRNGO) განაცხადა, რომ ირანში სულ მცირე 648 მომიტინგე დაიღუპა, მათ შორის ცხრა არასრულწლოვანი. ირანში მყოფმა წყაროებმა BBC-ს განუცხადეს, რომ დაღუპულთა რიცხვი შესაძლოა გაცილებით მეტი იყოს.
- Iran International-ის ინფორმაციით კი, საპროტესტო აქციების მიმდინარეობისას სულ მცირე 12 000 ადამიანი დაიღუპა.
- ხოლო Reuters-ი ირანელი ოფიციალურ პირზე დაყრდნობით წერს, რომ აქციების დროს დაახლოებით 2 000 ადამიანი დაიღუპა.
[ფოტო: აქრივი]