რისი ეშინია პუტინს?
ვლადიმერ პუტინსს თავდასხმის, შეთქმულების და გადატრიალების მცდელობების ეშინია - ინფორმაციას ლატვიაში რეგისტრირებული რუსულენოვანი ინტერნეტ-გამოცემა „ვაჟნიე ისტორი“ ევროკავშირის ერთ-ერთი სახელმწიფოს დაზვერვის სამსახურის ანგარიშზე დაყრდნობით ავრცელებს.
2026 წლის მარტის დასაწყისიდან კრემლი და ვლადიმირ პუტინი შეშფოთებული არიან მგრძნობიარე ინფორმაციის გაჟონვით და რუსეთის პრეზიდენტის წინააღმდეგ შეთქმულების, ან გადატრიალების მცდელობის რისკით. პუტინი შიშობს, რომ რუსეთის პოლიტიკური ელიტის წარმომადგენლები მასზე შესაძლო თავდასხმისთვის უპილოტო საფრენ აპარატებს გამოიყენებენ"- წერს გამოცემა, რომელიც აღნიშნავს, რომ ევროპული დაზვერვის ანგარიში მოიპოვა.
„ვაჟნიე ისტორი“ წერს, რომ საფრთხის გამოდაცვის ფედერალურმა სამსახურმა მნიშვნელოვნად გააძლიერა პუტინის უსაფრთხოების ზომები:
- პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შემსვლელი პირები 2-დონიან შემოწმებას გადიან და შემცირდა რაოდენობა იმ ადგილების, სადაც პუტინი რეგულარულად იმყოფებოდა.
- თანამშრომლებს, რომლებიც პუტინთან მუშაობენ, მობილური ტელეფონების გამოყენება აუკრძალეს. ისინი დაავალდებულეს ისარგებლონ მოწყობილობებით, რომლებსაც ინტერნეტზე წვდომა არ აქვთ.
- მათ საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობაც აუკრძალეს და მხოლოდ დაცვის ფედერალური სამსახურის ავტოტრანსპორტით გადაადგილდებიან.
- მზარეულების, ფოტოგრაფებისა და დაცვის თანამშრომელთა სახლებში ვიდეომეთვალყურეობის სისტემა დაამონტაჟეს.
სტატიის თანახმად, რუსეთის პრეზიდენტი აღარ მიდის მოსკოვის მახლობლად და ვალდაიში მდებარე რეზიდენციებში. ჯერ კიდევ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ პუტინი ხშირადაა კრასნოდარის მხარეში მდებარე მოდერნიზებულ ბუნკერებში, სადაც კვირაობით რჩება, რუსეთის სახელმწიფო მედია კი წინასწარ მომზადებულ ვიდეომასალებს იყენებს. აღსანიშნავია, რომ წელს ორგანიზებული არ ყოფილა პუტინის არცერთი სტუმრობა სამხედრო ობიექტებზე, განსხვავებით 2025 წლის ხშირი ვიზიტებისგან.