ანდრეი ერმაკი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს
ანდრეი ერმაკი გირაოს გადახდის შემდეგ იზოლატორიდან გაათავისუფლეს — უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ყოფილი ხელმძღვანელისთვის 140 მილიონი გრივნის ოდენობის სრული თანხა უკვე შეიტანეს. ინფორმაცია ამის შესახებ უკრაინის უმაღლესმა ანტიკორუფციულმა სასამართლომ (ВАКС) დაადასტურა.
14 მაისს სასამართლომ ერმაკს ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა და ხუთდღიანი ვადა მისცა, რათა ან გირაო შეეგროვებინა, ან სასამართლოს გადაწყვეტილება გაესაჩივრებინა. თანხის შესატანად სპეციალური ანგარიში ყოველდღიურად იყო ხელმისაწვდომი, თუმცა სასამართლო გადახდების დადასტურებას მხოლოდ სამუშაო დღეებში ამოწმებდა. სწორედ ამიტომ, აქტიური შემოწირულობების მიუხედავად, ერმაკმა გასული უქმეები იზოლატორში გაატარა.
უკრაინული მედიის ცნობით, გირაოს გადახდის შემდეგ ყოფილ მაღალჩინოსანს დამატებითი შეზღუდვებიც დაუწესდა — მას ელექტრონული სამაჯურის ტარება მოუწევს, ნებართვის გარეშე კიევის დატოვებას ვერ შეძლებს და საქმის სხვა ფიგურანტებთან თუ მოწმეებთან კომუნიკაციაც აეკრძალა. ასევე ვალდებულია ჩააბაროს საზღვარგარეთ გამგზავრებისთვის საჭირო ყველა პასპორტი.
ანდრეი ერმაკი ფიგურირებს საქმეში, რომელიც კიევის მახლობლად ელიტური საცხოვრებელი კომპლექსის „დინასტიის“ მშენებლობას უკავშირდება. გამოძიების ინფორმაციით, საქმე 460 მილიონი გრივნის სავარაუდო ლეგალიზაციას ეხება. თავად ერმაკი ბრალს არ აღიარებს.