მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა

18.06.26 10:11
მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა

მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა.

დილის შვიდი საათისთვის მოსკოვის მერმა, სერგეი სობიანინმა სოციალური ქსელებით გაავრცელა ცნობა, რომ „რამდენიმე უპილოტომ შეძლო მიღწევა მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნამდე“ და იღებენ „ზომებს შედეგების ლიკვიდაციისთვის“. რა შედეგებია ეს, სობიანინს არ დაუკონკრეტებია.

რუსული და უკრაინული წყაროების მიერ სოციალური ქსელებით გავრცელებული კადრების მიხედვით, ქარხნის ტერიტორიაზე მასშტაბური ხანძარია.

დრონის ფრაგმენტები სავაჭრო ცენტრ „სადოვოდის“ ტერიტორიაზე დაეცა. დაფიქსირდა მცირე დაზიანება. ადგილზე სასწრაფო დახმარების სამსახურები მუშაობენ.

მოსკოვის ოლქის გუბერნატორის ანდრეი ვორობიოვის თქმით, ქალი დაშავდა, როდესაც დრონის ნამსხვრევები ელექტროსტალში კერძო სახლის სახურავზე დაეცა.

  • მისივე თქმით, დრონი ასევე მოხვდა საცხოვრებელ კორპუსს ჟუკოვსკში. დაზიანდა კერძო სახლები ქალაქებში ჩეხოვსა და პავლოვსკი პოსადში, დრონების ფრაგმენტები კრიუკოვოს დასახლებაში რამდენიმე აგარაკის ტერიტორიაზე დაეცა.
  • ასევე დაზიანდა ფიტნეს ცენტრი და ლიუბერცის სამრეწველო ზონაში მდებარე ობიექტი. ხანძარი გაუჩნდა სავაჭრო ცენტრის „ბელაია დაჩას“ სახურავს. წინასწარი ინფორმაციით, არავინ დაშავებულა.

რუსული მედიის ცნობით, დღეს დილით დედაქალაქთან მიახლოებისას 52 უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს. შერემეტიევოს, დომოდედოვოს და ჟუკოვსკის აეროპორტებში დროებითი შეზღუდვებია დაწესებული.