ევროკავშირის ლიდერები რუსეთისთვის სანქციების ერთი წლით გაგრძელებაზე პირველად შეთანხმდნენ

19.06.26 10:08
ევროკავშირის ლიდერები რუსეთისთვის სანქციების ერთი წლით გაგრძელებაზე პირველად შეთანხმდნენ

ვოლოდიმირ ზელენსკი ევროპულ საბჭოს ახსენებს, რომ ევროკავშირის წევრობის უფლება ყველა ევროპულ და დემოკრატიულ სახელმწიფოს გააჩნია. 

უკრაინის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ პოლიტიკური ალიანსის წევრობისთვის ყველაზე ძვირი ფასი სწორედ ომში მყოფმა ქვეყანამ გადაიხადა ამიტომ არ უნდა დაივიწყონ, რომ უკრაინის უფლებაა გახდეს ევროკავშირის ნაწილი.  

ზელენსკი ამბობს, რომ თუ უკრაინა რეალურ წევრობას მიიღებს, რუსეთი დაკარგავს ერთ-ერთ მთავარ მიზეზს, რის გამოც ცდილობს როგორც უკრაინის, ასევე ევროპის დესტაბილიზაციას.

უკრაინა მიიჩნევს, რომ ევროპის ყველა დემოკრატიული ერი იმსახურებს ევროკავშირის სრულუფლებიან წევრობას. ჩვენ კი მაქსიმალურად აქტიურად ვმუშაობთ ამის მისაღწევად. გთხოვთ, ნუ დაივიწყებთ, რომ უკრაინა ამას იმსახურებს, რადგან მან უფრო მეტი გადაიხადა, ვიდრე ნებისმიერმა სხვა ევროპულმა ქვეყანამ, უფლებისთვის, იყოს თავისუფალი, დამოუკიდებელი და ევროპული. ეს უფლება მხოლოდ უკრაინისთვის არ არის. ეს ასევე სხვა ერების უფლებაა, იყვნენ დამოუკიდებლები რუსეთისგან“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

ამ ფონზე ცნობილი ხდება რომ ევროკავშირის ლიდერები რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გახანგრძლივებაზე შეთანხმდნენ. ომის დაწყებიდან პირველად, სანქციები ექვსი თვის ნაცვლად ერთი წლის ვადით გახანგრძლივდა.

გადაწყვეტილების მიღება შესაძლებელი გახდა მას შემდეგ, რაც უნგრეთში 2026 წლის აპრილში გამართული საპარლამენტო არჩევნების შედეგად ვიქტორ ორბანის პარტია „ფიდესი“ დამარცხდა და მთავრობაში მოვიდა პარტია „ტისა“ პეტერ მადიარის ხელმძღვანელობით.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტ ანტონიუ კოშტას პრესმდივანმა 18 ივნისს გვიან ღამით ბრიუსელში ჟურნალისტებს განუცხადა, რომ რუსეთის საწინააღმდეგო სანქციების არა 6, არამედ 12 თვით გაგრძელების გადაწყვეტილება მიღებულია და ფორმალურად უახლოეს ხანში დამტკიცდება.

მსგავსი სიახლეები