Politico-მ ლავროვის სტატიის გამოქვეყნებაზე უარი თქვა
გამოცემა Politico-მ სერგეი ლავროვის სტატიის გამოქვეყნებაზე უარი თქვა. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ცდილობდა გავლენიან დასავლურ მედიაში გამოექვეყნებინა წერილი სათაურით „უკრაინა, ევროპა და გლობალური უსაფრთხოება“, თუმცა გამოცემამ მასალა არ დაბეჭდა. კრემლი ამტკიცებს, რომ გადაწყვეტილება სტატიის გამოქვეყნებამდე ცოტა ხნით ადრე მიიღეს.
უარის მიღების შემდეგ სტატია თავად რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა. მასალაში ლავროვი უკრაინაში მიმდინარე მოვლენებსა და ევროპის უსაფრთხოების კრიზისზე პასუხისმგებლობას დასავლეთს აკისრებს და კვლავ იმეორებს კრემლისთვის დამახასიათებელ ნარატივებს. მათ შორისაა მტკიცება, რომ 2014 წელს კიევში ხელისუფლების შეცვლა დასავლეთის მხარდაჭერით განხორციელდა.