„უფრო შორს წავალთ“ - ზელენსკი რუსეთზე 3000 კმ-ზე მეტი სიშორის დარტყმებს აანონსებს
უკრაინა რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებს გააძლიერებს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
მისი თქმით, უკრაინა უკვე ზრდის იმ ობიექტებზე თავდასხმებს, რომლებიც რუსეთის სამხედრო ინფრასტრუქტურას ემსახურება. ზელენსკის განცხადებით, ქვეყნის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსმა და თავდაცვის ძალებმა ომის რუსეთის ტერიტორიაზე „დაბრუნების პროცესი“ დაიწყეს.
„რისხვა და ემოციები გამართლებულია - როგორც ჩვენი ხალხისთვის, ისე ჩემთვის. მაგრამ რისხვას რაღაც უნდა მოჰყვეს. არ შეიძლება, რისხვას ისევ მხოლოდ რისხვა მოსდევდეს. მათ ეს უნდა იგრძნონ“, — განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ქვეყანამ უკვე შექმნა ახალი დრონები, რომლებსაც 3000 კილომეტრზე მეტ მანძილზე მოქმედება შეუძლიათ. მან ასევე გაიხსენა ტიუმენის რეგიონში მდებარე ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე განხორციელებული დარტყმა, რომელიც უკრაინიდან 2070 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს.
ზელენსკის განცხადებით, უკრაინა ყოველდღიურად უპასუხებს რუსეთის თავდასხმებს და ეს პასუხი ეტაპობრივად უფრო მასშტაბური გახდება.