დრონებმა ყირიმში სამხედრო ტექნიკის გადამზიდ ბორანს დაარტყეს

22.06.26 10:19
დრონებმა ყირიმში სამხედრო ტექნიკის გადამზიდ ბორანს დაარტყეს

უკრაინულმა უპილოტო საფრენმა აპარატებმა რუსეთის ბორანი „პანაგია“ დააზიანეს, რომელიც კრასნოდარის მხარიდან დროებით ოკუპირებულ ყირიმში სამხედრო ტექნიკისა და შეიარაღების გადასაზიდად გამოიყენებოდა. ინფორმაციას „ოპერატიული შტაბი – კრასნოდარის მხარე“ ავრცელებს.

რუსული მხარის ცნობით, ბორანი ერთ-ერთი ალტერნატიული მარშრუტი იყო ყირიმში განთავსებული სამხედრო ძალების მომარაგებისთვის. ის აქტიურად გამოიყენებოდა მას შემდეგ, რაც ყირიმის ხიდზე სატვირთო ტრანსპორტის გადაადგილებაზე შეზღუდვები დაწესდა.

21 ივნისიდან საბორნე მიმოსვლა შეჩერებულია. რუსული ხელისუფლების განცხადებით, სატრანსპორტო ნაკადები მომავალში სახმელეთო მარშრუტზე R-280 გადამისამართდება, რომელიც როსტოვ-ნა-დონზე, ტაგანროგზე, მარიუპოლზე, მელიტოპოლსა და სიმფეროპოლზე გადის.

შეზღუდვების ოფიციალურ მიზეზად უსაფრთხოების რისკები, მათ შორის ახალი თავდასხმებისა და დივერსიების საფრთხე სახელდება.

„პანაგია“ რუსეთის ალტერნატიული ლოგისტიკური სისტემის ნაწილი გახდა მას შემდეგ, რაც ყირიმის ხიდზე გარკვეული კატეგორიის ტრანსპორტის, მათ შორის სატვირთო ავტომობილების გადაადგილება შეიზღუდა.

ღია წყაროების ინფორმაციით, ბორანი თავდაპირველად საბერძნეთში იყო შეძენილი, შემდეგ კი რუსულ ოპერატორ „როსმორპორტს“ გადაეცა. მის ექსპლუატაციას კომპანია „საზღვაო სატრანსპორტო კომპანია – ტამანი“ ახორციელებდა, რომელიც ქერჩის სრუტის მიმდებარე საბორნე გადაზიდვებს ემსახურებოდა. რამდენიმე თვიანი გაჩერების შემდეგ, გემმა შავ ზღვაში მუშაობა 2025 წელს განაახლა.

მსგავსი სიახლეები