პუტინი გაგლოევს მეორედ შეხვდება - ოპოზიცია ოკუპირებული ცხინვალის ანექსიის საფრთხეზე საუბრობს
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა კრემლში ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ლიდერი ალან გაგლოევი დაიბარა. ინფორმაციას ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერი დიმიტრი პესკოვი ავრცელებს.
ეს 9 მაისის შემდეგ გაგლოევის უკვე მეორე ვიზიტია მოსკოვში, რაც საქართველოს ოპოზიციის ნაწილის შეფასებით, რეგიონზე რუსეთის კონტროლის კიდევ უფრო გაღრმავებაზე მიუთითებს.
კრემლში გამართულ შეხვედრას წინ უძღოდა დე ფაქტო მთავრობის ხელმძღვანელად მოსკოვთან დაახლოებული კადრის დანიშვნა, რის გამოც კრიტიკოსები საუბრობენ, რომ ოკუპაციის შემდეგ რუსეთი ცხინვალის რეგიონის ფაქტობრივი ანექსიის მიმართულებით ახალ ნაბიჯებს დგამს.
ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ პროცესების ფონზე "ოცნების" ხელისუფლების პოზიცია უცნობია. მათი თქმით, მომხდარზე ოფიციალური შეფასება ამ დრომდე არ გაუკეთებიათ არც საგარეო საქმეთა სამინისტროს, არც შალვა პაპუაშვილს, არც მიხეილ ყაველაშვილს და არც ირაკლი კობახიძეს.
გაგლოევისა და პუტინის შეხვედრას ანექსიის პროცესის კიდევ ერთ ეტაპად აფასებს პაატა დავითაია. მისი თქმით, ცხინვალის რეგიონთან დაკავშირებული ბოლო გადაწყვეტილებები მოსკოვის გეგმებზე პირდაპირ მიუთითებს.
ეს შეხვედრა კიდევ ერთი დასტურია, რომ პუტინი აპირებს მიერთებას ცხინვალის რეგიონის და აქ საქართველოს ხელისუფლების მხრიდან სრული სიჩუმე ყოვლად მიუღებელია, იმიტომ, რომ ჩვენ უნდა სწრაფად ვიმოქმედოთ. მნიშნელოვანია, რომ სანქცირებული იყოს სეპარატისტთა ლიდერები, რათა მათი ხელმოწერა როგორც ძებნილის იყოს ამ დოკუმენტში თუ ეს დოკუმენტი შედგა და ჩენ საერთაშორისო პარტნიორებთან უნდა გვქონდეს მჭიდრო ურთიერთობა და არა ბრძოლა. ეს აძლევს მხარეებს 9 მაისის ხელშეკრულების, რომელიც შედგა ინტეგრაციასთან დაკავშირებით, ამ ხელშეკრულებიდან გამომდინარე გაძლიერებულ ურთიერთკოორდინაციას, ერთობლივ მოქმედებებს, ეს იყო ძრითადი მიზანი ამ შეხვედრის, რაც ნათლად ჩანს, რომ ეს ყველაფერი მზადდება ანექსიისთვის, - ამბობსპაატა დავითაია.
"ოცნების" ხელისუფლების უმოქმედობაზე ამახვილებს ყურადღებას "ძლიერი საქართველოს" წევრი ლანა გალდავაც. მისი განცხადებით, 9 მაისის შემდეგ ივანიშვილის ხელისუფლებას საერთაშორისო პარტნიორების ინფორმირებისა და რეაგირებისთვის არაფერი გაუკეთებია, მაშინ როცა რუსეთი ოკუპირებულ რეგიონში საკუთარ გავლენას კიდევ უფრო აძლიერებს.
კიდევ ერთხელ მივმართავ შესაბამის უწყებებს, რა გაკეთდა 9 მაისის შემდეგ, რომელი პარტნიორები ჩააყენეს საქმის კურსში, რა გადაწყვეტილებები იქნა მიღებული და ოფიციალურად როგორ გამოეხმაურნენ იმ პროცესს, რომ საქართველოს ტერიტორიაზე უფრო და უფრო მეტად ძლიერდება რუსული გავლენა და დღეს უკვე ვხედავთ, რომ ურთიერთობა რუსეთის ფედერაციასა და ცხინვალის მარიონეტულ რეჟიმს შორის გადადის ახალ ეტაპზე, რაც ნიშნავს იმას, რომ საქართველოს ეროვნული ინტერესები ყოველდღიურად უფრო მეტად ზიანდება და ჩვე უკვე გადასულები ვართ, საქართველოს ოფიციალური მხარე, კაპიტულანტურ დამოკიდებულებაზე, - ამბობს ლანა გალდავა.