დრონებით თავდასხმის შემდეგ ოკუპირებულ ყირიმსა და ხერსონის ნაწილში ელექტროენერგია გაითიშა

29.06.26 09:49
დრონებით თავდასხმის შემდეგ ოკუპირებულ ყირიმსა და ხერსონის ნაწილში ელექტროენერგია გაითიშა

დროებით ოკუპირებულ ყირიმში, ხერსონის ოლქის ოკუპირებულ ნაწილსა და სხვა ოკუპირებულ ტერიტორიებზე დრონებით თავდასხმის შემდეგ ელექტროენერგიის მასშტაბური გათიშვა დაფიქსირდა. ინფორმაციას უკრაინული მედია ადგილობრივ ტელეგრამ-არხებსა და ოკუპაციური ადმინისტრაციის წარმომადგენლებზე დაყრდნობით ავრცელებს.

გავრცელებული ცნობებით, აფეთქებების ხმა ისმოდა სევასტოპოლსა და ქერჩში. ადგილობრივების ინფორმაციით, ბახჩისარაის რაიონში, სოფელ ნეკრასოვკასთან მდებარე ელექტროქვესადგური დაზიანდა.

ღამით დრონებით თავდასხმის შემდეგ ხანძარი გაჩნდა ასევე დროებით ოკუპირებულ მელიტოპოლში.

ხერსონის ოლქის ოკუპირებული ნაწილის ე.წ. გუბერნატორის, ვოლოდიმირ სალდოს განცხადებით, რეგიონში ელექტრომომარაგება ფართომასშტაბიანად შეწყდა.

„ხერსონის ოლქის ყველა რაიონი სრულად ან ნაწილობრივ ელექტროენერგიის გარეშეა“, – განაცხადა სალდომ.