„პუტინი სხვა რეალობაში ცხოვრობს“ - ზელენსკი დონბასის შესახებ რუსეთის დელეგაციის განცხადებაზე
„პუტინი სხვა რეალობაში ცხოვრობს“ - ასე გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აბუ-დაბიში მიმდინარე მოლაპარაკებებზე რუსეთის დელეგაციის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, მოსკოვს დონბასის იმ ტერიტორიის ნახევარი უკვე ოკუპირებული აქვს, რომელსაც რეალურად უკრაინის შეიარაღებული ძალები აკონტროლებენ.
ზელენსკის განცხადებით, რუსი სამხედროები და დაზვერვის წარმომადგენლები ამტკიცებდნენ, რომ აღნიშნული ტერიტორიები მათ ხელშია, თუმცა უკრაინულ მხარეს აქვს ვიდეოჩანაწერები, ფოტოები და სხვა მტკიცებულებები, რომლებიც საპირისპიროს ადასტურებს.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, კრემლი ფრონტზე არსებულ ვითარებას რეალობისგან განსხვავებულად აფასებს და ვაშინგტონს არწმუნებს, რომ უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილის სრულად დასაკავებლად მხოლოდ რამდენიმე თვე სჭირდება.
ზელენსკის განცხადებით, მოლაპარაკებებში მონაწილე ამერიკულმა მხარემ ფრონტზე არსებული ვითარების უკრაინული შეფასება დაადასტურა.