აფეთქებები ბელგოროდში - ქალაქის ნაწილს ელექტროენერგია და წყალი არ მიეწოდება
3 ივლისის გამთენიისას რუსეთის ქალაქ ბელგოროდში აფეთქებები მოხდა. ადგილობრივებმა სოციალურ ქსელებში ელექტროენერგიისა და წყალმომარაგების შეწყვეტის შესახებ დაწერეს. მანამდე რეგიონში სარაკეტო განგაში იყო გამოცხადებული.
ინფორმაციული რესურსების ცნობით, ქალაქში რამდენიმე „მოხვედრა“ დაფიქსირდა და ძლიერი ხანძარი გაჩნდა. Exilenova+ იუწყება, რომ თავდასხმის სამიზნე მიჩურინსკის თბოელექტროსადგური გახდა, ხოლო Supernova+-ის ინფორმაციით, დარტყმა შესაძლოა „ენერგომაშის“ ქარხანაზეც განხორციელებულიყო.
ღია წყაროების მიხედვით, „ენერგომაში“ თბო და ატომური ელექტროსადგურებისთვის, ნავთობისა და გაზის სექტორისთვის, ასევე სამრეწველო მშენებლობისთვის განკუთვნილ მოწყობილობებს აწარმოებს.
რეგიონზე თავდასხმა და ელექტროენერგიისა და წყლის მიწოდების შეფერხება რუსულმა მედიამაც დაადასტურა.