უკრაინულმა დრონებმა სანქტ-პეტერბურგის ნავთობტერმინალსა და პორტზე მასშტაბური იერიში მიიტანეს

05.07.26 12:20
უკრაინულმა დრონებმა სანქტ-პეტერბურგის ნავთობტერმინალსა და პორტზე მასშტაბური იერიში მიიტანეს

უკრაინულმა დრონებმა რუსეთის სანქტ-პეტერბურგსა და ლენინგრადის ოლქზე მასშტაბური იერიში მიიტანეს. Reuters-ის ცნობით, თავდასხმის შედეგად სანქტ-პეტერბურგის ნავთობტერმინალი დაზიანდა, ხოლო დრონი ბალტიის ზღვაზე მდებარე ვისოცკის პორტის რაიონსაც მოხვდა.

სანქტ-პეტერბურგის გუბერნატორმა ალექსანდრ ბეგლოვმა განაცხადა, რომ ქალაქი „მასშტაბური“ დრონული შეტევის სამიზნე გახდა. მისი თქმით, ნავთობტერმინალზე დარტყმას მსხვერპლი არ მოჰყოლია და შედეგები უკვე ლიკვიდირებულია.

ლენინგრადის ოლქის გუბერნატორის, ალექსანდრ დროზდენკოს განცხადებით, რეგიონში 72 დრონი ჩამოაგდეს, რამდენიმე დასახლებაში კი მცირე დაზიანებები დაფიქსირდა. ვისოცკის პორტზე თავდასხმის მასშტაბსა და შესაძლო ზარალზე რუსულ მხარეს დეტალები არ გაუვრცელებია.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინის თავდაცვის ძალებმა დაარტყეს პორტის ნავთობინფრასტრუქტურას, რომელიც, მისი თქმით, რუსეთის ომისთვის შემოსავალს ქმნის. ზელენსკის განცხადებით, იერიში განხორციელდა კრონშტადტზეც, რომელსაც მან მნიშვნელოვან სამხედრო ობიექტად მოიხსენია.

მსგავსი სიახლეები