"ავტომობილი გამიჩერდა, ავზი ნულზე იყო... ყველანი ერთ ნავში ვართ" - ვოლოგდის გუბერნატორი
რუსეთის ვოლოგდის ოლქის გუბერნატორი გეორგი ფილიმონოვი აცხადებს, რომ სამსახურებრივი ავტომობილი გზაზე საწვავის სრულად ამოწურვის გამო გაუჩერდა. მისი თქმით, შემთხვევა ვოლოგდის შემოვლით ჩქაროსნულ გზაზე მოხდა და დანიშნულების ადგილამდე საგზაო პოლიციის ეკიპაჟმა მიიყვანა.
ზუსტად 15 წუთის წინ საწვავის გარეშე გავჩერდი. ავზი ნულზე იყო. ეს ვოლოგდის ქალაქის ჩქაროსნულ შემოვლით გზაზე მოხდა. სამსახურებრივი მანქანიდან გადავჯექი ავტომობილში, რომელიც დათანხმდა ჩემს წაყვანას. ამით ვადასტურებ, რომ ყველანი ერთ ნავში ვართ და ერთად ვცდილობთ არსებული პრობლემის მოგვარებას, - დაწერა გუბერნატორმა.
ინციდენტამდე დაახლოებით ერთი საათით ადრე ფილიმონოვმა რეგიონის მოსახლეობას მოუწოდა, საწვავის მარაგები არ შეექმნათ და აჟიოტაჟს არ აჰყოლოდნენ. მისი განმარტებით, ბენზინის მიწოდების მოცულობა არ შემცირებულა, თუმცა გაზრდილი მოთხოვნის ფონზე ფიზიკური პირებისთვის საწვავის გაყიდვაზე ნაწილობრივი შეზღუდვები დაწესდა.
ვოლოგდის ოლქში ივნისის ბოლოდან ერთ მომხმარებელზე ბენზინის რეალიზაცია 30 ლიტრით არის შეზღუდული. საწვავის ჩასხმა მხოლოდ ავტომობილის ავზშია შესაძლებელი, კანისტრებში მისი გაყიდვა კი აკრძალულია.
რუსეთში საწვავის დეფიციტი მაისის ბოლოდან გაღრმავდა. კრიზისი უკრაინის მიერ რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე განხორციელებულ ინტენსიურ თავდასხმებს უკავშირდება.