ქალი, რომელიც მონაკოში მომხდარი აფეთქების საქმეზე ეჭვმიტანილი იყო, კიევის მახლობლად მოკლული იპოვეს
კიევის მახლობლად, 6 ივლისს, ანასტასია ბერეზოვსკაიას ცხედარი აღმოაჩინეს. ქალი სანქცირებულ უკრაინელ ბიზნესმენ ვადიმ ერმოლაევზე მონაკოში განხორციელებული თავდასხმის საქმეზე ეჭვმიტანილად მიიჩნეოდა.
„უკრაინსკა პრავდას“ სამართალდამცავ უწყებებში არსებული წყაროების ცნობით, ცხედარი დაახლოებით 23:00 საათზე მიწაში დამარხული იპოვეს. არსებული ინფორმაციით, ბერეზოვსკაია ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს.
გამოცემის ცნობით, საქმეზე ორი პირია დაკავებული - უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს მოქმედი ოფიცერი და ყოფილი სამართალდამცავი. წყაროების ინფორმაციით, ბერეზოვსკაია უკრაინის ფარგლებს გარეთ 2025 წლის 22 მარტიდან 2026 წლის 1 ივლისამდე იმყოფებოდა.
ბერეზოვსკაია ინტერპოლმა საერთაშორისო ძებნაში 3 ივლისს გამოაცხადა. მას ეჭვმიტანილად მიიჩნევდნენ მონაკოში საზოგადოებრივ ადგილას ასაფეთქებელი მოწყობილობის დამონტაჟებაში. 29 ივნისს მომხდარი აფეთქების შედეგად სამი ადამიანი დაშავდა, მათგან ორმა მძიმე დაზიანებები მიიღო. მედიის ცნობით, დაშავებულებს შორის იყვნენ ვადიმ ერმოლაევი და მისი ახლო გარემოცვის წევრები.
მონაკოს გენერალურმა პროკურატურამ თავდაპირველად ტერაქტის ვერსია გამორიცხა და გამოძიება მკვლელობის მცდელობისა და საზოგადოებრივ ადგილას ასაფეთქებელი მოწყობილობის განთავსების ფაქტზე დაიწყო. მედიის ინფორმაციით, გამოძიება უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის შესაძლო კავშირსაც განიხილავდა.