პესკოვი: რუსეთის სახელმწიფოს არსებობას საფრთხე თუ დაემუქრება, ბირთვულ იარაღს გამოვიყენებთ
რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანი, დიმიტრი პესკოვი ამბობს, რომ რუსეთი ბირთვულ იარაღს მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოიყენებს, თუ საფრთხე თავად რუსეთის სახელმწიფოს არსებობას დაემუქრება.
პესკოვის თქმით, ვოლოდიმირ ზელენსკი ხელისუფლებაში ომის დასრულების დაპირებით მოვიდა და ამის შესაძლებლობა ახლაც აქვს.
მისი განმარტებით, ამისთვის უკრაინულმა ძალებმა დონბასი უნდა დატოვონ და უკრაინამ „იურიდიულად აღიაროს არსებული რეალობა“.
„ასეთ შემთხვევაში, ომი მეორე დღესვე დასრულდება“, – აღნიშნა პესკოვმა.
„ზელენსკი ხელისუფლებაში მოვიდა დაპირებით, რომ ომს დაასრულებდა. ეს მისი მთავარი დაპირება იყო. მას ახლაც შეუძლია ომის დასრულება, თუ ძალიან პასუხისმგებლიან გადაწყვეტილებას მიიღებს“, – განაცხადა პესკოვმა.
ამასთან, პესკოვი ისევ ირწმუნება, რომ რუსეთის სამხედრო ძალებმა ახლახან „გაათავისუფლეს“ კონსტანტინოვკა და ახლა მიზნად ისახავენ კიდევ ორი მნიშვნელოვანი ქალაქის, კრამატორსკისა და სლავიანსკის დაკავებას.